2026 წელს აზერბაიჯანთან დადებული ხელშეკრულება დამატებითი გაზის მიღების შესახებ იწურება და როგორც ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი ამბობს, თუ სამხრეთ კავკასიურ გაზსადენში გატარებული გაზის მოცულობა არ გაიზრდება, მაშინ ქვეყანა უფრო ნაკლებ იაფ გაზს მიიღებს.
"რაც მეტი გაზი გაივლის სამხრეთ კავკასიურ გაზსადენში ჩვენ უფრო მეტ სარგებელს მივიღებთ. პირველადი შეთანხმება, რაც სამხრეთ კავკასიური მილსადენის კონსორციუმთან დაიდო ორ ხელშეკრულებას მოიცავს: ერთს ჰქვია ოფციური გაზი, რომელიც გატარებული მოცულობის 5%-ია, ხოლო მეორეა დამატებითი გაზი, რაც დღეის მდგომარეობით ნახევარი მილიარდი მ3-ია. სამწუხაროდ 2026 წელს ეს ხელშეკრულება მთავრდება. ამიტომ თუ გაიზრდება სამხრეთ კავკასიური მილსადენით გატარებული გაზის მოცულობა მაშინ არ შემცირდება გაზი, სხვა შემთხვევაში შემცირებას უნდა ველოდოთ. [გაზის მიღების] შესახებ ეს ერთხელ დადებული ხელშეკრულებაა, რომელიც ძალიან მოგებიანი იყო და იქ არის ორი პირობა გაზის მიღებისა ერთი 2026 წლამდეა, ხოლო მეორე ოფციური გაზის ხელშეკრულება 2066 წლამდე. მათი გადახედვა და იგივე პირობებით გაზის მიღება ნაკლებად მოსალოდნელია", - ამბობს მარგველაშვილი.
აზერბაიჯანული გაზის თურქეთსა და ევროპაში გატარების სანაცვლოდ საქართველო ორი კონტრაქტით იაფად იღებს გაზს. მათგან უმთავრესი „ოფციური“ გაზია. მისი მოცულობა ყოველწლიურად აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარებული გაზის მიხედვით ითვლება. ეს კონტრაქტი საშუალებას იძლევა, შეღავათიან ფასად გატარებული გაზის 5%-მდე იყიდოს ქვეყანამ. დამატებითი გაზის მოცულობა კი ფიქსირებულია, ეს ნიშნავს, რომ მილსადენში გატარებული გაზის მოცულობის მიუხედავად, საქართველო ყოველწლიურად 500 მლნ მ³ გაზს იღებს.