მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წყალქვეშა კაბელს აქვს შესაძლებლობა უდიდესი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინოს" - რამ შეიძლება შეაფერხოს პროექტი?

მურმან მარგველაშვილი

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს აქვს შესაძლებლობა უდიდესი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინოს - ამის შესახებ „საქმის კურსში“ სტუმრობისას ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მურმან მარგველაშვილმა განაცხადა, თუმცა, როგორც ის ამბობს, იდეის რეალობად ქცევისთვის მრავალი პოლიტიკური, ტექნიკური, ეკონომიკური თუ სხვა ფაქტორების თანხვედრაა საჭირო.

„წყალქვეშა კაბელის პროექტის საბოლოო სახე ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. რაც გვაქვს, პირველადი შეფასებებია და როგორც პროცესში ჩართული მხარეები ამბობენ ეს შეფასებები დადებითია. პროექტს განხორციელება მრავალ პოლიტიკურ, ტექნიკურ, ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სხვა ფაქტორებზე დამოკიდებული. თუმცა თავად მისი მნიშვნელობა - როგორც ჩვენი პირდაპირი კავშირისა ევროკავშირის ელექტრო - ენერგეტიკულ სისტემასთან, რასაც შეიძლება მოჰყვეს მონაცემებით კავშირი და სხვა პროექტები (ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობა, გათხევადებული გაზი, წყალბადი) ძალიან დიდია. საერთოდ ცენტრალურ აზიასა თუ სამხრეთ კავკასიაში არის ძალიან დიდ პოტენციალი განახლებადი თუ წიაღის ენერგიისა და თუ ეს კავშირი თუ ექნება უდიდესი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ამ წყობაში შესაძლოა, ეს კაბელი განვიხილოთ, როგორც პირველი ნაბიჯი, რომელიც ასახავს პოლიტიკურ ინტერესებს, მათ შორის ევროკავშირის ინტერესს სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის მიმართ, ასევე ჩვენს ინტერესს დავუკავშირდეთ და ეკონომიკურ-პოლიტიკური სარგებელი მივიღოთ ევროკავშირისგან", - განმარტავს მურმან მარგველაშვილი

კითხვაზე - შესაძლოა თუ არა წყალქვეშა კაბელის პროექტზე აისახოს ევროკავშირ-საქართველოს შორის გაციებული ურთიერთობები? - ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება - საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ ფაქტორთან ერთად, წყალქვეშა კაბელის პროექტზე და ზოგადად „შუა დერეფანზე“, შესაძლოა, აისახოს სამხრეთ კავკასიაზე რუსეთის მიერ კონტროლის მცდელობა.

„ამ ფაქტორთან ერთად, თუ გავითვალისწინებთ აზერბაიჯანში პუტინის ვიზიტს და ამიერკავკასიაზე რუსეთის შესაძლო კონტროლს, პირველი პასუხია, რომ რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად თუ არა ცოტათი მაინც შეამცირებს ინტერესს ამ რეგიონის მიმართ, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გარდა საქართველოსთან კავშირისა, არის „შუა დერეფნის“ ბევრად ფართო თემა, რაც რუსეთის კონტროლის გავლენისგან თავისუფლად ტვირთის, მათ შორის ენერგეტიკული ტვირთის მოძრაობას გულისხმობს და თუ ის რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცა, მაშინ „შუა დერეფანს“ დიდი აზრი შეიძლება არც ჰქონდეს - ამბობს მურმან მარგველაშვილი.

აღსანიშნავია, რომ იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ CESI-მ, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობებს იკვლევდა, განაცხადა, რომ „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ პერსპექტიული და ტექნიკურ-ეკონომიკურად განხორციელებადია".

"სახელმწიფო ელექტროსისტემის" ინფორმაციით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ფარგლებში განისაზღვრა კაბელის ოპტიმალური შესაძლებლობები, განხორციელდა პროექტის მშენებლობის ღირებულების შეფასება და ეკონომიკური ანალიზი. ასევე დადგინდა კაბელის სახმელეთო და საზღვაო ნაწილების წინასწარი მარშრუტი, შემუშავდა პროექტის განხორციელების გეგმის და შესყიდვების სტრატეგია. მომზადებული დოკუმენტაცია არ გასაჯაროებულა.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები