მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს ჩვენი საგარეო და ენერგეტიკული პოლიტიკის სიძლიერის მაჩვენებელი ნამდვილად არ არის“ - ენერგეტიკოსი

ენერგეტიკოსი

ანალიტიკური ცენტრის “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” დამფუძნებელი მურმან მარგველაშვილი 6-7 სექტემბერს ბუქარესტში “სამი ზღვის ინიციატივის” სამიტის ფარგლებში გამართულ ბიზნესფორუმზე ატომური ენერგეტიკის პანელის მოდერატორად იყო მიწვეული, საიდანაც სამიტის შესახებ შთაბეჭდილებებზე სოციალურ ქსელში წერდა.

“აზერბაიჯანი აქტიურად ავითარებს თავის ენერგეტიკულ ურთიერთობებს ევროკავშირის ქვეყნებთან. ამას ისე აკეთებს თითქოს საქართველო საერთოდ არ არსებობს და არანაირი როლი ან ინტერესი ამ ურთიერთობებში არა აქვს. შავი ზღვის კაბელის პროექტი, ფაქტობრივად, აზერბაიჯანულ პროექტად იყო წარმოჩენილი. მინისტრის მოადგილემ რამდენჯერმე ხაზი გაუსვა ცუდ სამეზობლოს და მხოლოდ მაშინ ახსენა საქართველო, როცა გაახსენდა, რომ პანელზე ქართველი კოლეგა მინისტრის მოადგილე ეჯდა. სხვა მაგალითია ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის დადებული მემორანდუმი, სადაც საქართველო მიწვეული არ იყო და მგონი, არც ნახსენები არ არის. ეს ჩვენი საგარეო და ენერგეტიკული პოლიტიკის სიძლიერის მაჩვენებელი ნამდვილად არ არის“, - დაწერა მან facebook-ის პირად გვერდზე.

რამდენად ხმამაღლა ისმოდა საქართველოს ხმა „სამი ზღვის ინიციატივის სამიტზე“, სადაც ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით იყო წარმოდგენილი? – BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის ამ კითხვის პასუხად, ენერგეტიკოსმა თქვა, რომ „ყველაფერი ფარდობითია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანი ბევრად უფრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან ენერგეტიკული მიმართულებით, ვიდრე - ჩვენ“.

„ამას გარკვეული მიზეზებიც აქვს - ენერგეტიკული თვალსაზრისით, ევროკავშირს, თავისთავად, აზერბაიჯანი აინტერესებს, მაგრამ ამ თემებში ჩვენ როგორც ტერიტორია, ისე არ უნდა ვიყოთ წარმოდგენილი. ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები ენერგეტიკული პოლიტიკის თუ სხვა მიმართულებით და ა.შ.; ყოველ შემთხვევაში, ისე არ უნდა ხდებოდეს, რომ როდესაც ევროკავშირი და აზერბაიჯანი სხვადასხვა ენერგეტიკულ საკითხზე ხელშეკრულებას დებენ, იქ საქართველო არ მონაწილეობდეს. ამის მაგალითია შარშან ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაზის იმპორტის საკითხზე ხელმოწერილი მემორანდუმი. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, რატომ მოხდა ასე, როდესაც ბუნებრივმა აირმა ჩვენთან უნდა გაიაროს და ჩვენ არც ამ მემორანდუმის მონაწილეები ვართ“, - აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.

ამასთან, როგორც რეგიონის, ისე ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის საქართველოს როლზე საუბრისას, ენერგეტიკოსმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტზე, რომელიც სამხრეთ კავკასიიდან “მწვანე ენერგიის“ ევროპისთვის მიწოდების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

მურმან მარგველაშვილის თქმით, რამდენად რეალისტურია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის პროექტი, ამაზე საუბარი გამართლებული არაა და მთავარი ისაა, რომ ევროკავშირი ამ პროექტს მხარს უჭერს და ღიად განაცხადა, რომ მზადაა, 2.3 მილიარდი ევროს ინვესტირებისთვის.


- შეიძლება, ეს არ არის პროექტის მთლიანი ბიუჯეტი. უნდა დაველოდოთ ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესახებ კვლევის შედეგებს. ჩვენ თუ სწორად მოვიქცევით და აქტიურად ვიმოქმედებთ, მე მგონია, რომ შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი რეალისტური იქნება და ჩვენთვის მაქსიმალურად მომგებიანიც.

- დღეს საქართველო საკმარისად აქტიური არის?

- ორი რამის თქმა შეიძლება - სანამ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის შედეგი ცნობილი არ გახდება, შეიძლება  მეტ-ნაკლები სიფრთხილით იმოქმედო, მაგრამ მეორე მხრივ, როცა მიმდინარეობს აქტივობა, ალბათ უკვე უნდა იყო შესაბამის კლუბში და მერე არ უნდა მიხვიდე.

"სამი ზღვის ინიციატივა" აერთიანებს ევროკავშირის წევრ 13 ქვეყანას. ინიციატივა, რომელიც ხორვატიამ და პოლონეთმა 2015 წელს წამოიწყეს, მიზნად ისახავს ბალტიის, ადრიატიკის და შავ ზღვებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ციფრული კომუნიკაციის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. 

“ორ თვეში Feasibility study-ს საბოლოო ვერსიას მივიღებთ” - განვითარების რა ეტაპზეა შავი ზღვის კაბელის პროექტის მომზადება?

4 ქვეყანა "შავი ზღვის კაბელის" პროექტზე ერთობლივ კომპანიას შექმნის - შეთანხმება ბუქარესტში შედგა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები