მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 ქვეყანა "შავი ზღვის კაბელის" პროექტზე ერთობლივ კომპანიას შექმნის - შეთანხმება ბუქარესტში შედგა

64bfb7b27430c
მარიამ ვარადაშვილი
25.07.23 15:58
13580

ბუქარესტში ოთხი ქვეყნის რუმინეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და უნგრეთის წარმომადგენლებმა შავი ზღვის კაბელის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი კომპანიის დაფუძნებას მოაწერეს ხელი.

ერთ-ერთმა ხელმომწერმა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ BMG-ის უთხრა, რომ პროექტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რამდენიმე მიმართულებით კვლევა მიმდინარეობს.

“მორიგი შეხვედრა შედგა შავი ზღვის კაბელის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით. შევთანხმდით ერთობლივი კომპანიის, ერთობლივი საზოგადოების შექმნაზე იმ ოთხივე ქვეყნიდან, რომლებიც ამ პროექტს ავითარებენ. ამ ეტაპზე ეკონომიკური დასაბუთების კვლევა მიმდინარეობს [Feasibility study] და გარემოზე ზემოქმედების შეფასება კეთდება. ანუ ყველა ის პროცედურა ხორციელდება, რაც საჭიროა პროექტის ფიზიკურ სამუშაოებზე გადასვლისთვის. ასევე დაგეგმილია გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები. ეს არის ის, რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ. ოქტომბრის ბოლოს ველოდებით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების  შედეგებს და იქ იქნება გაწერილი მშენებლობის პერიოდი, ღირებულება და სხვა მრავალი დეტალი", - ამბობს მიქაუტაძე.

bm.ge-სთან ინტერვიუში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა CFD-მექანიზმის მნიშვნელობასაც: "იცით, რომ მთავრობამ მხარდაჭერის ახალი სქემა შეიმუშავა. შედეგად, დაახლოებით 1500 მეგავატის სიმძლავრე დაემატება ქსელს. ვფიქრობთ, საქართველოსაც საკმარისი პოტენციალი ექნება იმისთვის, რომ განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული საკუთარი ელექტროენერგია ევროპაში გაიტანოს".

BMGTV-ის ეთერში მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ გასულ კვირას განაცხადა, რომ CFD სქემის ფარგლებში პირველ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებთან მემორანდუმი ჯერ კიდევ არ გაფორმებულა. დღეს კი მიქაუტაძემ გვითხრა, რომ გარკვეული პროცედურებია დარჩენილი და კომპანიებთან მემორანდუმი უახლოეს პერიოდში გაფორმდება.

“გარკვეული პროცედურაა დარჩენილი და უახლოეს პერიოდში 7-10 დღის ვადაში ხელი მოეწერება კონტრაქტებს. რაც შეეხება მეორე აუქციონს, შეიძლება ეს იყოს სექტემბერი. ვნახოთ, გარკვეული საკითხების გავლას ველოდებით ჩართულ მხარეებთან. მეორე აუქციონზე იგეგმება 400 მეგავატის მოცულობის პროექტების გამოტანა, თუმცა სიმძლავრე შეიძლება გაიზარდოს",-ამბობს რომეო მიქაუტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები