მერსედესთან დიდხნიანი თანამშრომლობის შემდეგ, ენერგეტიკულ სასმელ “Monster Energy-ის” ფორმულა 1-ის ახალი პარტნიორი ჰყავს მაკლარენის გუნდის სახით. მომავალი სეზონიდან ბრენდი წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციის მრბოლელების ლანდო ნორისისა და ოსკარ პიასტრის ჩაფხუტებზე, კეპებზე, კოსტიუმებსა და სასმელ ბოთლებზე.
ენერგეტიკული სასმელი წლებია ავტო და მოტო სპორტების ერთგულია და მაკლარენთან ერთად აპირებს ახალი აქტივობებისა და ორიგინალური კონტენტის შექმნას.
“Monster Energy-ის” აღმასრულებელმა დირექტორმა როდნი საქსმა მადლობა გადაუხადა ყოფილ პარტნიორ მერსედესს და ვერ დამალა აღფრთოვანება მაკლარენთან მუშაობის შესაძლებლობით:
“მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო მერსედესის ფორმულა 1-ის გუნდსა და მათ ხელმძღვანელ ტოტო ვოლფს, რომელთან ერთადაც 14 უნიკალური წელიწადი გავატარეთ. რაც შეეხება, ახალ გამოწვევებს ერთი სული გვაქვს მაკლარენის მრბოლელებისთვის შევქმნათ უნიკალური და კრეატიული კონტენტი, რომელიც გულშემატკივრებს წარმოუდგენელ გამოცდილებას მიანიჭებს” - განაცხადა როდნი საქსმა.
ცნობისთვის, “Monster Energy-მდე” მაკლარენის სპონსორი ონლაინ შემსწავლელი პლატფორმა “Udemy” გახდა, რომელიც ორგანიზაციასთან ფორმულა 1-ის გარდა თანამშრომლობს ინდიქარის, ფორმულა E-სა და ექსტრემ E-ს ფარგლებში.