მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ენერგო პრო ჯორჯიამ” 2022 წელს ₾228 მილიონის წმინდა მოგება გამოიმუშავა

64afaee2887a0
შოთა ტყეშელაშვილი
13.07.23 15:49
629

საქართველოს უმსხვილესმა ელექტროგამანაწილებელმა კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიამ” 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში კომპანიის მთლიანი შემოსავალი 14%-ით, 497 მილიონ ლარამდე გაიზარდა. წმინდა მოგებამ კი 12%-ით იმატა და მან 228 მილიონ ლარს მიაღწია.

"ენერგო პრო ჯროჯია" 1.3 მილიონი აბონენტის ელექტრომომარაგებაზეა პასუხისმგებელი, კომპანიის საოპერაციო არეალი კი 58.8 ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს.

მთლიანად 2022 წლის განმავლობაში კომპანიამ 5,130 გგვტ/სთ ელექტროენერგია გაანაწილა. ამასთან, უშუალოდ განაწილებიდან მიღებული შემოსავალი 451 მილიონ ლარს, ხოლო ქსელთან მიერთების მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 45.8 მილიონ ლარს შეადგენდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, “ენერგო პრო ჯორჯიასთვის” მთავარ ხარჯს ელექტროენერგიის შესყიდვა წარმოადგენდა, რაზეც 2022 წელს კომპანიამ 105 მილიონი ლარი დახარჯა. მეორე ადილზეა 70 მილიონი ლარით კომპანიაში დასაქმებულთა სახელფასო ფონდი. ანგარიშის მიხედვით, მთლიანობაში "ენერგო პრო ჯორჯია" 5 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებდა.

ჩეხური "ენერგო პრო" საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან ოპერიებს. კომპანია ქვეყანაში რამდენიმე იურიდიული პირის სახითაა წარმოდგენილი, რომლებიც ელექტროენერგიის გენერაციით, განაწილებითა და მიწოდებით არიან დაკავებული.

2016 წელს კომპანიის განაწილებისა და გენერაციის აქტივების გაყოფის შედეგად დაარსდა სს "ეპ ჯორჯია გენერაცია". ამჟამად, სს "ეპ ჯორჯია გენერაცია" ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო და მცირე ზომის ჰიდრო ელექტრო სადგურს, საერთო ჯამური სიმძლავრით 489 მგვტ. საქართველოში "ენერგო-პრო ჯგუფი" აგრეთვე ფლობს და ამუშავებს გარდაბნის გაზის თბოელექტროსადგურს შპს "ჯიფაუერს" დადგმული სიმძლავრით 110 მგვტ.

ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციისა და ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების მიღების შედეგად, კომპანიას გამოეყო მიწოდების ნაწილი და მის განახორციელებს ახლად ჩამოყალიბებული სს "ეპ ჯორჯია" მიწოდება, რომელმაც საქმიანობა დაიწყო 2021 წლის 1 ივლისს. სს "ეპ ჯორჯია" მიწოდების საქმიანობის საგანია ელექტროენერგიის რეგულირებული მიწოდება სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში ჩართული აბონენტებისთვის. სს "ეპ ჯორჯია" მიწოდებას დაკისრებული აქვს ელექტროენერგიის მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულება და კომპანიის სალიცენზიო არეალში განსაზღვრულია ელექტროენერგიის სექტორში უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლად, საჯარო მომსახურების მიმწოდებლად და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლად. ჯგუფის რეორგანიზაციის შედეგად, 2021 წელს ასევე შეიქმნა სს "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი", რომელიც უზრუნველჰყოფს ენერგო-პრო ჯგუფის კომპანიების ფუნქციონირებისათვის საჭირო ზოგად სერვისებს, საერთო მომსახურების სახით. აღნიშნული კომპანიის შექმნით შესაძლებელი გახდა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სამართლებრივი განცალკევების პირობებში კომპანიების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ზოგადი (არასპეციფიკური) საქმიანობის არსებული რესურსებით უზრუნველყოფა,”- ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები