მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

₾300 მილიონზე მეტი ინვესტიციით "ენერგო-პრო ჯგუფი" ენერგეტიკის სექტორის TOP-ინვესტორების სიაშია

ენერგო პრო

2025 წელს, ჩეხურმა „ენერგო-პრ ჯგუფმა” საქართველოს ენერგეტიკაში 300 მილიონ ლარზე მეტის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელა.

ამის შესახებ BMG-მ ინფორმაცია კომპანიიდან გამოითხოვა.

საქმე ის არის, რომ საქსტატის თანახმად, სს "ენერგო-პრო ჯორჯია" და სს "ეპ ჯორჯია გენერაცია" იმ კომპანიებს შორისაა, რომელთაც შარშან ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩადეს საქართველოს ენერგეტიკაში.

კერძოდ, როგორც კომპანიიდან მოგვწერეს, "ენერგო-პრო ჯორჯიამ" 265 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

"თანხები დაიხარჯა მაღალი, საშუალო და დაბალი ძაბვის ქსელის რეაბილიტაციაზე, რაც მოიცავს საჰაერო და საკაბელო (მიწისქვეშა) გადამცემი ხაზების რეაბილიტაციას, აღრიცხვის კვანძების მოწესრიგებას, სატრანსფორმატორო პუნქტების მოწყობილობების შეცვლასა და შენობების რემონტს. ასევე მოხდა ქვესადგურების რეაბილიტაცია და კომუნიკაციის, ტელეგაზომვისა და დისტანციური მართვის მოწყობილობების ინსტალაცია (SCADA)", - აცხადებენ კომპანიაში.

სს "ეპ ჯორჯია გენერაციამ" კი, ქართულ ენერგეტიკაში შარშან 57 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო.

"მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ჰიდროელექტროსადგურებზე, კერძოდ დასრულდა ტურბინებისა და გენერატორების რეაბილიტაციის პროექტი ძევრულაჰესზე, შეიცვალა ტრანსფორმატორები ჩითახევჰესსა და რიონჰესზე. შაორჰესზე მოხდა ტურბინის რეგულატორისა და სფერული საკეტის შეცვლა და სხვა", - განმარტეს "ენერგო პროში".

ცნობისთვის: 2025 წელს საქართველოს ენერგეტიკაში $111 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. წლიური ზრდა 16.3%-ია. ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ენერგეტიკაში ჩეხური პირდაპირი ინვესტიციების წილი თითქმის ნახევარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები