„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ უკვე გადააჭარბა პიკური დატვირთვის 20%-მდე გაზრდილ ზღვარს.
საქმე ისაა, რომ 27 თებერვლის სხდომაზე სემეკმა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მსურველთათვის მანამდე მოქმედი 14%-იანი ზღვარი, რომელიც უკვე შევსებული იყო, როგორც "ენერგო პრო ჯორჯიას", ისე "თელასის" შემთხვევაში 20%-მდე გაზარდა.
როგორც BMG-ს სემეკში განუცხადეს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შემთხვევაში ზღვარი უკვე შევსებულია. ეს კი ნიშნავს, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას” გამანაწილებელ ქსელში შეჩერდა შესაბამისი განაცხადების დაკმაყოფილება.
აღნიშნულს BMG-სთან "ენერგო პრო ჯორჯიაშიც" ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ შევსება 28 თებერვალს, ანუ ცვლილებიდან ერთ დღეში მოხდა.
რაც შეეხება "თელასს", სემეკის ინფორმაციით, განცხადებების მიღება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, იმის გათვალისწინებით რომ 20%-იანი ზღვარი ჯერ კიდევ ასათვისებელია.
სემეკში 27 თებერვლის განხილვაზე "ენერგო პრო ჯორჯია" სიმძლავრის 500 კილოვატიდან 100 კილოვატამდე შემცირებას ითხოვდა იმ არგუმენტით, რომ უკვე შეივსო 14%-იანი ლიმიტი დამატებით დატვირთვას კი ქსელი ვერ გაუძლებდა. სემეკმა დაადასტურა, რომ დამატებით "ენერგო პროს" ქსელში სიმძლავრეების ინტეგრაცია შესაძლებელია, ამიტომ ერთის მხრივ სიმძლავრე 500-დან 100 კილოვატამდე არ შეამცირა, 14%-იანი ზღვარი კი 20%-მდე გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ ნეტო აღრიცხვის ჩამნაცვლებელი ახალი სისტემის შესახებ კანონპროექტი უკვე მზადაა და პარლამენტს მალე წარედგინება. როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ BMG-ს უთხრა, ნეტო აღრიცხვის ნაცვლად ნეტო დარიცხვის სისტემის დანერგვა ევროპასთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ნაწილია და მასზე გადასვლა ვალდებულებით გათვალისწინებულზე ადრე მოხდება.