სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ 2025 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ჯგუფის ამონაგებმა 1.12 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 17.2 მილიონი ლარით, ანუ 1.6%-ით მეტია.
კომპანიის შემოსავლების ძირითადი წყარო 1.3 მილიონი აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდება იყო. ამ მიმართულებით მიღებულმა შემოსავალმა 2025 წელს 1.036 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით მცირედით ნაკლებია. ამავდროულად, მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 64.4 მილიონი ლარიდან 84.5 მილიონ ლარამდე ავიდა.
გარდა ძირითადი საქმიანობიდან მიღებული ამონაგებისა, ჯგუფმა 2025 წელს სხვა შემოსავლის სახით 55.5 მილიონი ლარი მიიღო, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 43.5 მილიონ ლარს შეადგენდა.
ანგარიშგების მიხედვით, 2025 წელს კომპანიის ყველაზე მსხვილი საოპერაციო ხარჯი ელექტროენერგიის შესყიდვა იყო, რომელმაც 618 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 36.7 მილიონი ლარით მეტია. სახელფასო დანახარჯები 157.1 მილიონ ლარამდე გაიზარდა, მომსახურების ხარჯებმა 22.6 მილიონი ლარი, ხოლო საგადასახადო ხარჯებმა 32.3 მილიონი ლარი შეადგინა.
2025 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 269.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 4 მილიონი ლარით მეტი იყო.
2025 წლის ბოლოსთვის „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ აქტივების ღირებულება 2.47 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც 2024 წლის ბოლოს დაფიქსირებულ 2.33 მილიარდ ლართან შედარებით გაზრდილია. საკუთარი კაპიტალი 2.12 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები 351.4 მილიონი ლარი იყო. კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელია ჩეხეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი იარომირ თესარი.
კომპანიამ 2025 წლის განმავლობაში ძირითადი საშუალებების შეძენასა და საინვესტიციო პროექტებში 310 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
„ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ საქართველოში ელექტროენერგიის განაწილების, მიწოდებისა და წარმოების მიმართულებით მოქმედ კომპანიებს აერთიანებს. ჯგუფში შედის „ენერგო-პრო ჯორჯია“, რომელიც თბილისის გარდა საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს მართავს და 1.3 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ასევე ჯგუფის შემადგენლობაშია „ეპ ჯორჯია მიწოდება“, რომელიც რეგულირებულ მომხმარებლებს ელექტროენერგიას აწვდის, „ეპ ჯორჯია გენერაცია“, რომელიც 15 ჰიდროელექტროსადგურს ფლობს და ოპერირებს, ჯამური 493.9 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, და „ჯიფაუერი“, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის მომსახურებას უზრუნველყოფს.




























