მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგოკომპანიების მხრიდან ამ ნაბიჯის ბოროტად გამოყენება არ უნდა მოხდეს - მერაბ ლომინაძე ჯარიმების ჩამოწერაზე

მერაბ ლომინაძე

ET SYNERGY-ის დამფუძნებლის, მერაბ ლომინაძის შეფასებით, ენერგეტიკული ობიექტებისთვის ჯარიმების ჩამოწერა მთავრობის მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯია.

როგორც საკითხის შეფასებისას ლომინაძემ BMG-ის განუცხადა, კომპანიების მხრიდან ამ ნაბიჯის ბოროტად გამოყენება არ უნდა მოხდეს და მათ მომავალში ვალდებულებები უნდა შეასრულონ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ანალიზი, რამ განაპირობა ენერგეტიკის სექტორში 1 მილიარდი ლარის მოცულობის ჯარიმების დაგროვება.

“[ენერგეტიკული ობიექტებისთვის] ვალდებულების ჩამოწერა ძალიან დადებითი ნაბიჯია. ამასთან, ამ ნაბიჯის ბოროტად გამოყენება არ უნდა მოხდეს კერძო სექტორის მხრიდან, იმის იმედად ყოფნა, რომ „აი დღეს დავიწყეთ პროექტი, არ განვახორციელეთ, დავდეთ, შევინახეთ და სახელმწიფო ხომ მაინც ჩამოგვაწეს [ჯარიმას]“. ამის იმედად არ უნდა იყოს კერძო სექტორი. ამიტომ ეს ძალიან დიდი ნაბიჯია კერძო სექტორის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა მგონია, რომ გარკვეულწილად კერძო სექტორისთვის ვალდებულებაც არის, რომ მომავალში ასეთ მდგომარეობაში თვითონ აღარ აღმოჩნდეს.

იმიტომ, რომ აბსოლუტურად გაურკვეველია, რატომ შეიძლება დაგროვილიყო ამხელა ვალდებულებები, განსაკუთრებით იმ კომპანიებში, რომელსაც ოპერირებაც არ აქვთ დაწყებული. ეს საგადასახადო ვალდებულებები იყო, საინვესტიციო ვალდებულებები. რამ განაპირობა? აი, ეს ანალიზი ალბათ ვფიქრობ ცალკე უნდა ჩატარდეს და გაკეთდეს”, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 10 დეკემბერს ენერგეტიკის სექტორისთვის 1 მილიარდი ლარის ოდენობის ჯარიმების პატიების შესახებ განაცხადა. დარგის სპეციალისტები და ინვესტორები ამნისტიის დეტალურ კრიტერიუმებს ელიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები