მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგოკომპანიების საინვესტიციო გეგმები შესაძლოა გადაიხედოს - სემეკის წევრი გივი სანიკიძე

გივი სანიკიძე სემეკი

სემეკის წევრი გივი სანიკიძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ენერგოკომპანიების საინვესტიციო გეგმები შეთანხმებულია, ისინი შესაძლოა გადაიხედოს.

ამასთან, დღეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ პარასკევს "ენერგო-პროსგან" მიიღეს წერილი იმაზე, რომ კომპანია 1.56-მილიარდიან საინვესტიციო გეგმას გადახედავდა.

სემეკ-მა დღეს ელექტროენერგიის ახალი ტარიფები არ დაადგინა. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 3 თვით არსებული ტარიფები შენარჩუნდება, ხოლო 2026 წლის მარტამდე ახალი ტარიფი დადგინდება. დღეს არსებობდა მოლოდინი, რომ სემეკი ახალ ტარიფს დაადგენდა, რომლითაც 2026 წლის პირველი იანვრიდან ელექტროენერგია გაძვირდებოდა. ასეთი იყო სემეკის მოლოდინი, რაც ენერგეტიკული კომპანიების საინვესტიციო გეგმებით იყო განპირობებული. კერძოდ კი 2025 წლის 12 დეკემბერს სემეკმა "ენერგო-პროს" და "თელასს" ჯამში 2 მილიარდი ლარის 5-წლიანი სიანვესტიციო გეგმა დაუმტკიცა, რაც თავის მხრივ დენის ახალ სამომხმარებლო ტარიფში უნდა ასახულიყო და მასზე ზრდის მიმართულებით უნდა ემოქმედა.

"როგორც მოგეხსენებათ, მარეგულირებელმა კომისიამ უკვე შეითანხმა საინვესტიციო გეგმები, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ განვაახლოთ კონსულტაციები საინვესტიციო გეგმებთან დაკავშირებით. ის სატარიფო განაცხადები, რომლებიც ახლა იქნება წარმოდგენილი და შესაბამისად მომდევნო სამ თვეში უკვე ჩვენ უნდა დავადგინოთ ტარიფები, ბუნებრივია გულისხმობს იმის შესაძლებლობასაც, რომ მოხდეს საინვესტიციო გეგმების გადახედვა. ამის უფლებამოსილება აქვს თავად კომპანიას, რომ მიმართოს მარეგულირებელ კომისიას და მარეგულირებელ კომისიასაც, რომ შესაბამისად იმსჯელოს, მიიღებს თუ არა რაიმე გადაწყვეტილებას ცვლილებებთან მიმართებით", - განაცხადა სემეკის წევრმა გივი სანიკიძემ.

გარდა აღნიშნული ფაქტორისა, სემეკის ინფორმაციით, არსებული ტარიფის 3 თვით შენარჩუნების გადაწყვეტილება ასევე დაკავშირებულია მთავრობასთან 2026 წლის ენერგობალანსის დაზუსტების საჭიროებით, რის გამოც ამ ეტაპზე შესასყიდი ელექტროენერგიის ფასის განსაზღვრა რთულია.

სემეკმა ენერგოკომპანიებს ჯერ კიდევ 12 დეკემბერს მომდევნო ხუთი წლის საინვესტიციო გეგმა განუსაზღვრა, რაც "ენერგო-პრო ჯორჯიასთვის" 1.56 მილიარდ ლარს, "თელასისთვის" კი 400 მილიონი ლარის ოდენობით. სწორედ ამ ფაქტორის ასახვა უნდა მომხდარიყო ახალ ტარიფში, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა აღნიშნული პროცესი 3 თვით გადავადდა, რადგან სემეკ-მა არსებული ტარიფი გაახანგრძლივა.

ენერგოკომპანიების ინვესტიციების შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები