მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოკრიზისის ფონზე ევროპაში განახლებად ენერგიებზე მოთხოვნა იზრდება

63c1388a99501
მარიამ ვარადაშვილი
13.01.23 16:56
533
ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ევროპაში განახლებად ენერგიებზე მოთხოვნა იზრდება. Bloomberg წერს, რომ ევროპის ქვეყნების მთავრობები ზრდიან სუფთა ენერგიების წარმოებას, თუმცა მოხმარების დანაკლისის შესავსებად ქვანახშირის გამოყენებაც უწევთ.

რეგიონში განახლებადი ენერგიების ბუმი გასულ წელს წიაღისეულ საწვავზე გაზრდილ ფასაც უკავშირდება, რამაც განახლებად ენერგიებზე განსაკუთრებით კი მზეზე მოთხოვნა გაზარდა. მოსალოდნელია, რომ მზის ელექტროსადგურების დადგმა 2023 წელსაც გაგრძელდება, რადგან მთავრობებმა მზის პანელებისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებაზე რეგულაციები შეამსუბუქეს.

გამოცემის ცნობითვე, ევროპაში მზის ელექტროსადგურის აღჭურვილობაზე მოთხოვნა გაზრდილია როგორც კომერციულ, ასევე ფიზიკური მომხმარებლის მხრიდან.

“მოთხოვნა ასეთ მაღალ დონეზე შენარჩუნდება”,-უთხრა Bloomberg-ს მატიას ტაფტმა, რომელიც ევროპის ყველაზე დიდ მზის სადგურს ხელმძღვანელობს.

განახლებადი ენერგიების კუთხით ევროკავშირს [REPowerEU] ამბიციური გეგმა აქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ 2030 წლისთვის გაერთიანების მოხმარების 45% განახლებად ენერგიებზე უნდა მოდიოდეს. ამ გეგმის შესასრულებლად წევრ ქვეყნებს დამატებით 600 გიგავატის სიმძლავრის დადგმა მოუწევთ, ეს მაჩვენებელი ქარის ენერგიის შემთხვევაში სულ მცირე 480 გიგავატი იქნება.

ევროპაში განახლებად ენერგიებზე გადასვლა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამ დააჩქარა, რადგან რეგიონს რუსეთმა ბუნებრივი გაზის მიწოდება თითქმის სრულად შეუწყვიტა. ომამდე ევროკავშირი წლიურად დაახლოებით 155 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს რუსეთიდან იღებდა, რაც მთლიანი მოთხოვნის დაახლოებით 40% იყო. იმპორტირებული გაზის დიდ ნაწილს ევროპა რუსეთიდან გაზსადენიდან იღებდა, რაც ბუნებრივი გაზის მიღების ყველაზე იაფი გზაა.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო [IEA] 2023 წელს ევროკავშირს 27 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი გაზის დეფიციტის პროგნოზირებს. ამის მიზეზი არასაკმარისი მიწოდება იქნება, რის გამოც მოხმარების სწრაფი შემცირება გახდება საჭირო.

წყარო: Bloomberg

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები