მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოობიექტების გადახდილი ქონების გადასახადი თემსა და მუნიციპალიტეტში უნდა დარჩეს - კანონპროექტი

62bc682841d16
სალომე მეცხვარიშვილი
29.06.22 21:00
863
„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” კანონპროექტი წლის ბოლომდე, შესაძლოა პარლამენტში შევიდეს. ამის შესახებ GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა bm.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტის სამუშაო ვერსია მზადაა და ეკონომიკის სამინისტროში განხილულია, ამჟამად დისკუსია ფინანსთა სამინისტროსთან მიმდინარეობს, შემდეგ კი მისი გადაგზავნა ინფრასტრუქტურის სამინისტროში იგეგმება.

საუბარია კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს, რომ განახლებადი ენერგიის სადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის მნიშვნელოვანი წილი ადგილობრივ თემებში გადანაწილდეს.

“პროგრამა მინიმუმია, რომ ქონების გადასახადის 25% დარჩეს თემებში, 50% მუნიციპალიტეტში, 25% კი ცენტრალურ ბიუჯეტში. პროგრამა მაქსიმუმი კი გულისხმობს 50-50%-ზე თანხების გადანაწილებას მუნიციპალიტეტსა და თემში.

აქ საუბარია იმაზე, რომ მოხდეს ქონების გადასახადის ალოკაცია ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტებში, ასევე სავალდებულო წესით იმ თემებში, სადაც აშენდება ინფრასტრუქტურა. შეიქმნება ფონდი და ამ ფონდიდან ყოველ წელს თანხა დაიხარჯება ადგილობრივების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე. თავადვე უნდა გადაწყვიტონ, რაში დაიხარჯოს თანხა.

რეგიონებში საკმაოდ ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემაა, მათ შორის სასმელი წყალი, ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა და ა.შ.

ძალიან რთულია, როცა მიდიხარ და იწყებ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბარს მოსახლეობასთან, როცა მათ ელემენტარული საჭიროებები არ აქვთ დაკმაყოფილებული”,- აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.

GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ საკანონმდებლო ინიციატივაზე განახლებადი ენერგიის ინვესტიციების საკითხისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამამ საქართველოში“ უმასპინძლა. ღონისძიებას ენერგეტიკის სექტორის დაინტერესებული მხარეები - დეველოპერები, ინვესტორები, სამთავრობო უწყებები, საელჩოები, საერთაშორისო და ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"კანონპროექტზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შინაარსი დიდწილად ეფუძნება ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგიის დირექტორატის (NVE) მიერ განხორციელებულ კვლევას, რომლის თანახმად, განახლებადი ენერგიის სადგურების მშენებლობისას არსებული სოციალური საკითხების დარეგულირების ერთ-ერთი წარმატებული მექანიზმი სწორედ ქონების გადასახადის ადგილობრივ თემებში გადანაწილება შეიძლება იყოს. იგივე მოდელი მოქმედებს ნორვეგიაშიც, სადაც განახლებადი ენერგიის სადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადი მთლიანად ადგილობრივ ბიუჯეტებს ხმარდება. მსგავსი კანონის არსებობის შემთხვევაში ჩვენ ასევე მივიღებთ მეტად პროგნოზირებად და სტაბილურ საინვესტიციო გარემოს, რაც დადებითად აისახება, მათ შორის, სექტორში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე", - აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები