კომპანია „ენერჯიენ +“ ენერგეტიკული პროექტის „ახალი ენგური ჰესის“ განხორციელებას გეგმავს - ამის შესახებ მთავრობის 1403-ე განკარგულებიდან ხდება ცნობილი.
დოკუმენტის მიხედვით, მთავრობამ ცნობად მიიღო და მოიწონა პოტენციურ საჯარო და კერძო თანამშრომლბის პროექტად იდენტიფიცირებული „ახალი ენგური ჰესის“ ელექტროსადგურის პროექტის კონცეფცია, რომელიც მთავრობამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარუდგინა.
მთავრობამ სამინისტროს დაავალა კომპანია „ენერჯიენ +“-ს „ახალი ენგური ჰესის“ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები ანუ კვლევები მოამზადოს, რასაც PPP პროექტების კანონმდებლობა ითვალისწინებს.
ამასთან, განკარგულების მიხედვით, მთავრობამ მოიწონა საქართველოს მთავრობასა და შპს „ენერჯიენ +-ს“ შორის დასადები ხელშეკრულება, რომელიც მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას და სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მთავრობისთვის წარდგენას ეხება. ხოლო ხელშეკრულების გაფორმება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა. მთავრობის სახელით მასზე ხელმოწერის უფლებამოსილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მიენიჭა.
პროექტ "ახალი ენგური ჰესის" დეტალები - კონკრეტულად სად, რა სიმძლავრის ჰესის აშენება, რა მოცულობის ინვესტიციით იგეგმება, ჯერჯერობით უცნობია. BM.GE ახალი ენერგეტიკული პროექტის შესახებ მეტის გარკვევას კომპანიასთან შეეცდება.
ბიზნეს რეესტრის მიხედვით, "ენერჯიენ +" 2024 წლის ოქტომბერშია დარეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ჯუმბერ კიკნაძეა.




























