მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადიგენის 6 სოფელში სტიქიით დაზარალებული 10 ოჯახი ფულად კომპენსაციას მიიღებს - განკარგულება

ადიგენი სტიქია

მთავრობა ადიგენის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში სტიქიით დაზარალებულ 10 ოჯახს ფულად კომპენსაციებს გადასცემს. ამის შესახებ მთავრობის 1437-ე განკარგულებიდან ირკვევა, რომელიც 6 ივლისით თარიღდება.

დოკუმენტის მიხედვით, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს თუ საკუთრებაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ აქვთ 50 000 ლარის კომპენსაცია გადაეცემათ, ხოლო თუ დაზარალებულ ოჯახს საკუთრებაში აქვს ან ჰქონდა რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და ამ განკარგულების გამოცემის შემდგომ გაასხვისა, მათ 30 000 ლარი გადაეცემათ. ეს პირობა ასევე ეხება შემთხვევას, როდესაც დაზიანებული სახლის მესაკუთრემ (რომელიც განკარგულების გამოცემის თარიღისთვის ფლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელს) განკარგულების გამოცემის შემდგომ დაზიანებული საცხოვრებელი სახლის კუთვნილი წილი გაასხვისა.

კომპენსაციები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანში 3 ოჯახზე, სოფელ ადიგენში 3 ოჯახზე, სოფელ ზარზმაში, წრეში, დგვარსა და არალიში თითო-თითო ოჯახზე გაიცემა.

განკარგულების მიხედვით, საკომპენსაციო თანხის მიღების შემდეგ, დასახელებულ ფიზიკურ პირებს, აღნიშნული სტიქიური მოვლენების გამო სახელმწიფოსგან ან მუნიციპალიტეტისგან დამატებით რაიმე სახის კომპენსაციის, უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის ან სარგებლობის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ.

ამასთან, მიღებული კომპენსაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების საფუძველს არ წარმოადგენს და ისინი სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის კომპენსაციის მიღების შესახებ შეტყობინების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

ცნობისთვის, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში, 23 ივლისის ღამეს მეწყერმა ორი სახლი დააზიანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები