მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენგურჰესის ტარიფის დადგენის წესის შეცვლა სამომხმარებლო ელექტროენერგიას არ გააძვირებს-სემეკი

ელექტროენერგია

სემეკის განმარტებით, "ენგურჰესის" ტარიფის დადგენის წესის შეცვლა სამომხმარებლო ელექტროენერგიას არ გააძვირებს.

საქმე ის არის, რომ დღეს "ოცნების" პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმად, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების დროს არ იქნება გათვალისწინებული ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უფასოდ მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (კვტ.სთ).

"ცვლილების გამო, ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

სატარიფო რეგულირების პერიოდში „ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესების კასკადის“ ახალი ტარიფების გავლენა ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების ტარიფებზე დაბალანსდება "ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესების კასკადის" მიერ წარმოებული იაფი ელექტროენერგიის მაქსიმალურად ქვეყნის შიგნით რეალიზაციით", - განმარტეს სემეკში, რომელსაც BMG-მ დამატებით კითხვებზე პასუხი უკვე სთხოვა.

ამასთან, როგორც სემეკის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, დღეს, პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილება პოზიტიურად აისახება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული ობიექტის შემდგომ განვითარებასა და სტაბილურ ფუნქციონირებაზე, ვინაიდან ცვლილების საფუძველზე, „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ დადგენილი ტარიფები ხელს შეუწყობს კომპანიის ფინანსურ გაძლიერებასა და მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუფერხებლად განხორციელებას.

შპს „ენგურჰესს“ აღებული აქვს ვალდებულებები ფინანსთა სამინისტროსთან, რომლის გასტუმრებასაც ვერ ახერხებს. სახელმწიფო კომპანია პასუხისმგებელია ენგურის ჰიდროელექტროსადგურის, ვარდნილჰესების კასკადისა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, კოდორის ხეობაში, მდებარე რამდენიმე მცირე ჰესის ფუნქციონირებაზე. როგორც დღეს დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილების განმარტებით ბარათშია აღნიშნული, აფხაზეთის უფასო ენერგომომარაგება დიდ ფინანსურ ტვირთად აწევს ენგურჰესსა და ვარდნილჰესების კასკადს. კომპანიას სულ უფრო უჭირს მიმდინარე და საექსპლუატაციო ხარჯების დაფარვა, რაც კითხვებს აჩენს გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებით და უფრო მეტიც, გაკოტრების რისკი იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები