სემეკმა ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადისთვის ახალი ტარიფები დაადგინა. გაანგარიშების შედეგად, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები გაიზარდა, თუმცა კომისიაში აცხადებენ, რომ ეს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების ფასზე არ აისახება. შესაბამისად, ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
"კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ენგურჰესისთვის“ წარმოების ელექტროენერგიის ტარიფი, 2025 წლის პირველი მაისიდან ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე განისაზღვრა 4.021 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებიდან (ენერგეტიკული ბირჟა) 2027 წლის 1-ელ იანვრამდე - 2.412 თეთრი/კვტსთ-ით.
შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2025 წლის პირველი მაისიდან ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე განისაზღვრა 5.111 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებიდან 2027 წლის პირველ იანვრამდე - 3.067 თეთრი/კვტსთ-ით.
ტარიფების კორექტირების საფუძველს წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები, რომელიც გულისხმობს შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშებას, ამავე სადგურების მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობის გარეშე", - აცხადებენ კომისიაში.
„ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირების მიზნით, სემეკში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 13 მარტს დაიწყო და შესაბამისი ინფორმაცია განთავსდა სემეკის ვებგვერდზე. წარმოების ფარგლებში, დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებები წარმოდგენილი არ ყოფილა.
აქამდე მოქმედი ტარიფები ენგურჰესის შემთხვევაში კვტ.სთ-ზე 2.412 თეთრი იყო, ხოლო ვარდნილჰესების კასკადისთვის - 3.067 თეთრი.
ენერგეტიკული ბირჟის გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე მუშაობს. ივლისიდან ვაჭრობა პლატფორმაზე სრულყოფილად უნდა დაიწყოს. დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი. სამიზნე მოდელში გათვალისწინებულია ასევე საათობრივი დაბალანსების ვალდებულება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ამოქმედდება თუ არა ენერგეტიკული ბირჟა სრულად ივლისიდან.