მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ენგურჰესი" ფინანსთა სამინისტროს ვალდებულებებს ვერ უსტუმრებს - როგორია კომპანიის ფინანსური მდგომარეობა?

ენგურჰესი

შპს „ენგურჰესს“ აღებული აქვს ვალდებულებები ფინანსთა სამინისტროსთან, რომლის გასტუმრებასაც ვერ ახერხებს. ამის შესახებ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტშია აღნიშნული, რომელიც "ქართული ოცნების" პარლამენტმა დღეს მიიღო.

საქმე ისაა, რომ იცვლება შპს "ენგურჰესის" ტარიფის დადგენის წესი და ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების დროს არ იქნება გათვალისწინებული ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (კვტ.სთ).

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, არსებული კანონმდებლობით ხდება ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული, აფხაზეთში უსასყიდლოდ მიწოდებული ელექტროენერგიის კომპანიის შემოსავლებში გათვალისწინება, რაც არსებითად ამცირებს ტარიფს. ტარიფის გაზრდის შემთხვევაში კი, კომპანია ფინანსურად გაძლიერდება და "აუცილებლად შეძლებს ფინანსთა სამინისტროს წინაშე აღებული ვალდებულებების გასტუმრებას".

"გარდა იმისა, რომ აღნიშნული მიდგომა არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობას, ასევე, შეუძლებელს ხდის კომპანიისთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზოგადად, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას",- წერია დოკუმენტში, რომლის თანახმადაც შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ფინანსური მდგომარეობა სავალალოა.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის უფასო ენერგომომარაგება დიდ ფინანსურ ტვირთად აწევს ენგურჰესსა და ვარდნილჰესების კასკადს. კომპანიას სულ უფრო უჭირს მიმდინარე და საექსპლუატაციო ხარჯების დაფარვა, რაც კითხვებს აჩენს გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებით და უფრო მეტიც, გაკოტრების რისკი იზრდება.

"ბოლო 5 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ენგურჰესის გამომუშავების თითქმის ნახევარი მოდის აფხაზეთზე და მისი უსასყიდლო მიწოდებიდან გამომდინარე, კომპანიისათვის მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს. გარდა ამისა, წელიწადის ცივ თვეებში, აფხაზეთის მოხმარების დასაკმაყოფილებლად ენგურჰესისა და ვარდნილჰესის სრული გამომუშავებაც კი არ არის საკმარისი, შესაბამისად, კომპანია იძულებულია, ესკო-ს მეშვეობით შეისყიდოს ელექტროენერგია, რაც ორგანიზაციის ბიუჯეტს დამატებით ხარჯად აწვება",- წერია დოკუმენტში.

ცნობისთვის, სახელმწიფო კომპანია შპს ენგურჰესი პასუხისმგებელია ენგურის ჰიდროელექტროსადგურის, ვარდნილჰესების კასკადისა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, კოდორის ხეობაში, მდებარე რამდენიმე მცირე ჰესის ფუნქციონირებაზე.

ფინანსთა სამინისტროს მიერ ფისკალური რისკების შესახებ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, 2023 წელს ენგურჰესმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის უსასყიდლოდ მიწოდებული ელექტროენერგიით 40.5 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა. 2023 წელს აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯამში მიწოდებული იყო 2 180.9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია და რომ არა ეს უკანასკნელი, კომპანიის მოგება 2023 წლის ბოლოს 33.8 მილიონი ლარი იქნებოდა, თუმცა კომპანიამ წელი 7 მლნ ლარის ზარალით დახურა.

კომპანიის წმინდა მოგება/ზარალი წლების მიხედვით ასეთია:

  • 2019 წელი - ზარალი 8 მლნ ლარი;
  • 2020 წელი - ზარალი 54 მლნ ლარი;
  • 2021 წელი - მოგება 40 მლნ ლარი;
  • 2022 წელი - მოგება 60 მლნ ლარი;
  • 2023 წელი - ზარალი 7 მლნ ლარი.

რაც შეეხება სესხებს, შპს "ენგურჰესი“ ჯგუფის 2023 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიის ვალდებულებები ფინანსთა სამინისტროს მიმართ რეაბილიტაციასთან არის დაკავშირებული. მათ შორის არის რამდენიმე ქვე-სასესხო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში თავდაპირველი გამსესხებელი საფინანსო ინსტიტუტები (EIB, EBRD) არიან ფინანსთა სამინისტროს გავლით.

საგულისხმოა, რომ ჰესის ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2003-2021 წლებში შესრულდა. ამჟამად მიმდინარეობს რეაბილიტაციის IV ფაზა, რომლის მოცულობაც 38 მილიონ ევროს შეადგენს. "ენგურჰესის" რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გაწეულ მსხვილმასშტაბიან სამუშაოებს „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) და „ევროპის საინვესტიციო ბანკი“ (EIB) აფინანსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები