ენგურისა და ვარდნილჰესების კასკადებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების წესის ცვლილება სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ გადაცემა “საქმის კურსთან” ინტერვიუში განაცხადა.
ცვლილების მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი ჰესისთვის ტარიფის დაანგარიშებისას აფხაზეთში უსასყიდლოდ მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა, ანუ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% გათვალისწინებული არ იქნება და ტარიფი მხოლოდ დანარჩენი საქართველოსთვის მიწოდებულ ენერგიაზე დადგინდება.
დავით ნარმანია ამ ეტაპზე ვერ ასახელებს, რამდენით შეიძლება გაიზარდოს ენგურის წარმოების ტარიფი, თუმცა მისი თქმით, ეს არ იქნება ის მოცულობა, რომ მას გავლენა ჰქონდეს სამომხმარებლო ტარიფზე. ნარმანიას განმარტებით, არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა, რაც ენგურჰესის გამომუშავების გაზრდას და სამომხმარებლო ტარიფების უცვლელად შენარჩუნების საფუძველს ქმნის.
“ტარიფი დადგინდება მხოლოდ იმ ენერგიაზე, რომელიც არის დანარჩენ საქართველოზე მიწოდებული. ბუნებრივია, ეს ენგურჰესის დღეს არსებული ტარიფის გაზრდას გამოიწვევს, თუმცა ეს იქნება ენგურჰესის ფინანსური სტაბილურობის გაუმჯობესების გარანტი. ენგურჰესი უფრო გაზრდილი შემოსავლებით უკეთ მოემსახურება მის ინფრასტრუქტურას. მოგეხსენებათ პერიოდულად კაპიტალური სამუშაოებია ჩასატარებელი ჰიდროელექტროსადგურზე, რაც ასევე საბოლოო ჯამში გაზრდილ გენერაციას უზრუნველყოფს. ეს ჩვენი აზრით, სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება, რადგან გვაქვს გარკვეული პლუსები ვალუტის კურსის ცვლილებიდან გამომდინარე, ისევე როგორც კაპიტალური ხარჯები, რომელიც ენგურჰესის გამომუშავების გაზრდას ისახავს მიზნად. ეს საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი ენერგია იქნეს გამომუშავებული და მიწოდებული. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ სამომხმარებლო ტარიფები დარჩება უცვლელი.
გენერაციის ტარიფის გაანგარიშების დროს გამოიყენება საპროგნოზო გამომუშავების მოცულობა ერთის მხრივ ენერგეტიკული ბალანსიდან მიღებული ინფორმაცია, ასევე გაითვალისწინება კომპანიის კაპიტალური და მიმდინარე საოპერაციო ხარჯები. აქედან გამომდინარე საპროგნოზო მოცულობა კაპიტალური და საოპერაციო ხარჯების ჩასმა და სხვა რამდენიმე პარამეტრის ჩასმა ხდება გენერაციის ფორმულაში და აქედან გამომდინარეობს ტარიფი, ამიტომ ვიდრე ყველა მონაცემი არ იქნება დაზუსტებული და სპეციალური განაცხადი დადგენილი ფორმით არ შემოვა ჩვენთან, გამიჭირდება თქმა კონკრეტულად რა შეიძლება იყოს ენგურჰესის ტარიფი, მაგრამ ეს არ იქნება იმდენი, რომ სამომხმარებლო ტარიფზე იქონიოს გავლენა. ამიტომ თამამად ვამბობთ, რომ ეს სამომხმარებლო ტარიფს არ გაზრდის“,- აცხადებს ნარმანია.
კანონპროექტის მიხედვით, ენგურჰესის და ვარდნილ ჰესის გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი შემცირდება და გაიზრდება წილი ადგილობრივ ბაზარზე. ამასთან დაკავშირებით სემეკის თავმჯდომარე განმარტავს:
„ენგურჰესის ელექტროენერგიის ექსპორტი ხდება ძირითადად გაზაფხულის პერიოდში, როცა წყალუხვობაა. თვითონ ენგურჰესის კაშხალს აქვს მისი დღიური შევსების ნორმა, ანუ რამდენით უნდა მოიმატოს დღიურად წყლის დონემ. ამაზე მეტი შემოდინების დროს ეს წყალი ან უნდა დაიღვაროს ან უნდა გამომუშავდეს ელექტრო ენერგია და გატანილ იქნეს ექსპორტზე.
სწორედ ამიტომ ეს მოცულობა იქნება გატანილი ექსპორტზე, ხოლო რაც შეეხება იმ მოცულობას, რომელიც ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შეიძლება დაგროვდეს კაშხალზე, დაგროვდება და შემდგომ ეტაპობრივად იქნება გამოყენებული ქვეყნის ენერგეტიკული უზრუნველყოფისთვის“.
აღსანიშნავია, რომ ენგურჰესი წლებია აფხაზეთიდან მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს ვერ იღებს, ეს კი ათობით მილიონი ლარია, მაგალითად 2023 წელს კომპანიამ 40.5 მლნ ლარის შემოსავალი ვერ მიიღო.