ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, "ნამახვანჰესის" ინვესტორთან მიღწეულია შეთანხმება და შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელშიც 5 მილიონი ლარის აკუმულირება მოხდება. ამის შესახებ თურნავამ ქუთაისში განაცხადა, სადაც ის გარემოს დაცვის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფება და დაინტერესებულ მხარეებს ხვდება.
„შეთანხმება მიღწეულია კომპანიასთან და ვფიქრობთ, ეს თავიდანვე აუცილებელი იყო. შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელშიც თავის კონტრიბუციას შეიტანს როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო. მთლიანობაში ვფიქრობთ, 5 მილიონიანი ფონდი იქნება, რომელიც მშენებლობის განმავლობაში იმოქმედებს, მხარს დაუჭერს და დააფინანსებს ხეობის მაცხოვრებლებისთვის საჭირო ყველა პროექტს.
მის მართვაში პირველ რიგში ჩაერთვებიან მოსახლეობის წარმომადგენლები და ეს ფონდი დაფარავს არა მხოლოდ იმ სოფლებს, რომლებიც მოხვედრილია ჰესის არეალში, არამედ წყალტუბოს და ცაგერის მუნიციპალიტეტის ძირითად სოფლებს, რომლებიც ხეობაშია განთავსებული. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროექტმა მოიტანოს ხეობაში მეტი განვითარება და მეტი სოციალური პასუხისმგებლობის აღება მოვთხოვოთ ინვესტორს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.




























