მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ENKA რომ არბიტრაჟისთვის ემზადებოდა, მთავრობის წევრებისთვისაც ცნობილი უნდა ყოფილიყო“

614b2f9d797e5
ვიქტორია მღებრიშვილი
22.09.21 18:16
1111
"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე „ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანია ENKA-ს მიერ საქართველოს მთავრობასთან პროექტის შესრულებასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ სახელმწიფოს ამისთვის შესაძლოა სოლიდური თანხების გადახდა მოუწიოს. 

BM.GE-სთან საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ინვესტორი კომპანიის მიერ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მზადების პროცესი ყველასთვის ცნობილი იყო. 

„ბოლო 2-3 თვე ENKA რომ არბიტრაჟისთვის ემზადებოდა, ეს საიდუმლო არ იყო. პოზიცია, რომელიც კომპანიამ დაიჭირა - ყოველ დილით მიდიოდნენ ხეობის შესასვლელში, იქ ხვდებოდნენ ადამიანები და არ უშვებდნენ, ამას დოკუმენტურად აფიქსირებდნენ და ბრუნდებოდნენ, ეს საქართველოს მთავრობის წევრებისთვისაც ცნობილი უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდით და ძალიან ბევრმა იცოდა ამის შესახებ. 

ის, რომ ინვესტორს დისკომფორტი შეექმნა და ის რომ ისინი აგროვებდნენ მასალას გასვლისთვის პროგნოზირებადი იყო. ეს, შესაძლოა, ჩვენთვის - სახელმწიფოსთვის დამატებითი პრობლემა გახდეს, რადგან სოლიდური თანხების ანაზღაურების საკითხი დადგება“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე. 

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ენერგეტიკაში ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებით არსებული ხელშეკრულებების პირობების შეცვლას და მოსახლეობასთან კომუნიკაციის საკითხის უფრო დაზუსტებას აუცილებლობად მიიჩნევს. 

„თვითონ პრინციპი, რითიც თავიდან ENKA-სთან შეთანხმება მოხდა და რა პრინციპითაც ხდება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დროს ინვესტორთან შეთანხმება, ძალიან ბუნდოვანია, რადგან ადგილობრივ მოსახლეობასთან ვინ უნდა ისაუბროს და კითხვებზე პასუხი ვინ უნდა გასცეს, არ ჩანს კარგად. ეს კარგად არ არის გაწერილი კერძო-საჯარო დიალოგის ფორმატში, იღებს თუ არა ამ ნაწილს სახელმწიფო და მეორე მხრივ, თუ ეს არ ჩანს, ვუტოვებთ ამას ინვესტორს, ვიღებთ იმ მდგომარეობას რაც დღეს არის. არსი იმის, რატომაც ENKA-სთან პრობლემა შეიქმნა, არის ის, რომ სახელმწიფომ თავის დროზე არ აიღო პასუხისმგებლობა, რომ ის ყოფილიყო მოლაპარაკების მთავარი მწარმოებელი, ვგულისხმობ 2017-2018-2019 წლებს. თუ არ გვინდა, მომავალშიც სხვაგანაც იგივე განმეორდეს, რადგან ეს გარკვეულ ადამიანთა ჯგუფებს წაახალისებს, რომ სხვა პროექტებშიც ანალოგიურად მოიქცნენ, ვინაიდან ENKA წავიდა და „ნამახვანჰესი“ გაჩერდა, ნიშნავს, რომ სხვა პროექტებზეც იგივე მეთოდით შეიძლება მუშაობა, მთავრობის მიდგომები დროულად უნდა გადაიხედოს, რათა არ მივიღოთ ბევრი ENKA, ბევრი სარჩელი, პრობლემა და თავისტკივილი ამ ქვეყნისთვის“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები