საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ქართულ მხარესა და „ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანია ENKA-ს შორის ამ დრომდე ორი შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს მოლაპარაკებას და მხარეების მიერ ერთმანეთთან პოზიციების გაცვლას.
ამის შესახებ bm.ge-ს სამინისტროში წერილობით განუცხადეს, თუმცა შეხვედრის თარიღები არ დაუკონკრეტებიათ.
საქმე ის არის, რომ bm.ge-ის ინფორმაციით, გასულ კვირას თბილისში ENKA-ს მენეჯმენტი იყო ჩამოსული, თუმცა უცნობია, ვისთან გამართეს შეხვედრები და რა შედეგით დასრულდა. აღნიშნულის გადამოწმებას ჩვენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შევეცადეთ, რომელმაც ნათია თურნავას უწყებაში გადაგვამისამართა, ხოლო თავად bm.ge-ის ინფორმაცია კი არც უარყო და არც დაადასტურა.
თავის მხრივ, რამდენიმე წუთის წინ ეკონომიკის სამინისტროში განგვიცხადეს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მშენებელ კომპანია "ენკასა" და ქართული მხარის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე შეხვედრა ევროპაში შედგა, მაგრამ ქვეყანას არ აკონკრეტებენ.
„კომპანიის მოთხოვნით, შეხვედრები არ გამართულა არც საქართველოში და არც თურქეთში.
შეხვედრებში „ენკას“ მხარეს კომპანიის მენეჯმენტი და იურისტები, ქართულ მხარეს კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი წარმოადგენს.
ამ დრომდე გაიმართა ორი შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს მოლაპარაკებას და მხარეების მიერ ერთმანეთთან პოზიციების გაცვლას.
ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებები ორივე მხარის შეთანხმებით დასრულდება“, - ნათქვამია სამინისტროს წერილობით პასუხში.
შეგახსენებთ: კომპანია ENKA-მ სექტემბერში საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამჟამად საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება.
ENKA-ს მიერ პროექტიდან გასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა. ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ENKA-მ ჰესის მშენებლობა შეაჩერა, რადგანაც მასზე მორატორიუმი გამოცხადდა.




























