საქართველოს მთავრობამ თურქულ კომპანია ENKA Insaat-თან, რომელიც ნამახვანის ჰესის პროექტს ახორციელებდა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წააგო - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, საქართველოსთვის დაკისრებული კომპენსაცია 383.2 მილიონი დოლარია, რაც მიმდინარე გაცვლითი კურსით 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს.
არსებული მდგომარეობით ეს არის საქართველოს სამინისტროების უმეტესობის დაფინანსებაზე მეტი, მაგალითად 2025 წლისთვის ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება დაგეგმილია 947 მილიონ ლარზე, ხოლო ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი 121 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, შესაბამისად ამ ორივე უწყების ბიუჯეტი ნაკლებია ვიდრე ENKA-სთვის გადასახდელი კომპენსაციის მოცულობა.
დღეს BMG-ის კითხვაზე პასუხისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო დავას გააგრძელებს და შესაძლოა გადასახდელი კომპენსაცია 200 მილიონ დოლარამდე შემცირდეს.
"დავა გრძელდება და დავას აუცილებლად გავაგრძელებთ. ამ 300 მილიონიდან 200 მილიონი უკვე განხორციელებული ინვესტიციაა და სახელმწიფო არ იზარალებს ამ თანხას. რა თქმა უნდა გინდა 100 მილიონი იყოს და გინდ 10 მილიონი, ეს არის სერიოზული ზიანი", - განაცხადა კობახიძემ.
ჯერჯერობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დავასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
Enka Renewables, რომელიც კომპანია ENKA-ს შვილობილია, 433 მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესის ჰიდროელექტროსადგურის კასკადს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აშენებდა, პროექტის ექსპლოატაციაში შესვლა 2025-2026 წლებში იგეგმებოდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 800 მილიონი დოლარი იყო.
სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს თანახმად, საარბიტრაჟო დავაში საქართველოს მთავრობის მიერ დაქირავებული კომპანია White & Case-ი იყო, რომელმაც ანაზღაურების სახით 25 მილიონი ლარი აიღო.