მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ENQA-ში სრული წევრობის და EQAR-ში რეგისტრაციის განახლება გამოწვევაა - რა წერია განათლების ხარისხის ცენტრის სტრატეგიის პროექტში?

განათლების ხარისხის ცენტრი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2026-2030 წლების სტრატეგიის პროექტი შეიმუშავა. დოკუმენტი მოიცავს 4 სტრატეგიულ მიზანს და 15 ამოცანას. ერთ-ერთ ამოცანად სტრატეგიის პროექტში გაწერილია საერთაშორისო ასოციაციებისა და ქსელების წევრობის შენარჩუნება (ENQA, EQAR და WFME) და გაფართოება.

„ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ცენტრისთვის გამოწვევას წარმოადგენს ცენტრის ENQA-ში სრული წევრობის და EQAR-ში რეგისტრაციის განახლება, რაც დაკავშირებულია ცენტრის "ESG სტანდარტ 3.3 - დამოუკიდებლობა"-ში ცენტრის გარე შეფასების შედეგად განსაზღვრული შეფასებით - შეუსაბამო (non-compliance). შედეგად, ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს „ESG 3.3 - დამოუკიდებლობა“ სტანდარტისა და სახელმძღვანელო პრინციპის გათვალისწინებით, ცენტრის ორგანიზაციული დამოუკიდებლობის არასაკმარისი მაჩვენებელი“, - აღნიშნულია სტრატეგიის პროექტში.

თუმცა, დოკუმენტში ისიც აღნიშნულია, რომ ENQA-ს და EQAR-ის რეკომენდაციების საპასუხოდ ცენტრის დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდა.

„კერძოდ, ცენტრის საკოორდინაციო საბჭო მრჩეველთა ორგანოდან ჩამოყალიბდა ცენტრის კოლეგიურ (მმართველობითი) ორგანოდ. ამასთან, ENQA-ს და EQAR-ის რეკომენდაციების საპასუხოდ განხორციელდა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები და ცენტრის ოპერაციული, ორგანიზაციული და ფინანსური დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით, შემუშავდა სხვადასხვა ტიპის მექანიზმი.

რესურსების რაციონალური დაგეგმვისა და გამოყენებისთვის, ასევე ფინანსური დამოუკიდებლობის ზრდისთვის ცენტრმა ეტაპობრივად შეამცირა სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებულება და სტაბილურად გაზარდა საკუთარი შემოსავლების წილი. კერძოდ, 2022-2024 წლებში, ცენტრის ბიუჯეტში საკუთარი შემოსავლების წილი სტაბილურად დაახლოებით 63%-დან 69%-ის ჩათვლით მერყეობდა“, - წერია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) აპრილის გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დაკვირვების ქვეშ მყოფი სააგენტოს კატეგორიაში (member under review) გადავიდა, სადაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში იქნება. ასოციაციის ბორდი გადაწყვეტილების მიზეზებს შორის იმას ასახელებს, რომ ცენტრი ვერ აკმაყოფილებს წევრობისთვის მოთხოვნილ კრიტერიუმებს, კერძოდ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ სტანდარტებს. ის სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ცენტრის ორგანიზაციული და ოპერატიული დამოუკიდებლობის საკითხზე.

ამასთან, ცენტრს შეუწყდა EQAR-ში რეგისტრაცია, რაც ევროპის ქვეყნების განათლების სისტემებს შორის ხარისხის ნდობის და მიღებული განათლების აღიარების გამარტივების წინაპირობაა. როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გასულ წელს აცხადებდნენ, რეგისტრაციის შეჩერებაზე EQAR-ის გადაწყვეტილება გასაჩივრდებოდა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, გასაჩივრდა თუ არა. BM.GE-მ შესაბამისი კითხვით ცენტრს უკვე მიმართა.

"ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანია" - რას ნიშნავს ENQA-ს და EQAR-ის გადაწყვეტილებები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები