მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი EQAR-ის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

უმაღლესი განათლება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი EQAR-ის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფიგნზე ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმა განაცხადა.

საქმე ისაა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია ოფიციალურად შეუჩერდა. ერთ-ერთ სტანდარტში - დამოუკიდებლობის ნაწილში ცენტრი შეუსაბამოდ შეფასდა. მათ შორის, კრიტიკული შეფასება მოჰყვა, რომ ცენტრის დირექტორი განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორივე პოზიციას იკავებდა.

ცენტრში განმარტავენ, რომ რეგისტრაციის შეჩერება გავლენას არ მოახდენს საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებაზე. ასევე, სხვა საკითხებზე, როგორებიცაა: საერთაშორისო გავლითი პროგრამები, ბოლონიის პროცესის წევრობა, კერძო უნივერსიტეტების საქმიანობა თუ საერთაშორისო გრანტები.

ლაშა მარგიშვილის თქმით, EQAR-ის რეკომენდაციების დიდი ნაწილი უკვე გამოსწორებულია, თუმცა რჩება საკითხები, რაზეც მუშაობას აგრძელებენ.

„მინდა დავამშვიდო საზოგადოება, სტუდენტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომ ცენტრისთვის უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) წევრობის შეჩერების გადაწყვეტილებას არ უკავშირდება საქართველოში გაცემული დიპლომების და კვალიფიკაციების აღიარების საკითხი.

როგორც 2019 წლამდე იყო საქართველოში გაცემული დიპლომები აღიარებული საერთაშორისო დონეზე, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში, ისევ იმგვარად იქნება აღიარებული კვლავ ჩვენი დიპლომები.

ასევე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს EQAR-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რაიმე ფორმით უკავშირდება საერთაშორისო ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების გაუქმებას, ბოლონიის პროცესში საქართველოს წევრობის შეჩერებას, კერძო უნივერსიტეტების გაუქმებას ან საერთაშორისო გრანტების შეჩერებას ან გაუქმებას, არც აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და არანაირად არ უკავშირდება ცენტრისთვის EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას.

ვგეგმავთ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას. ამისთვის ჩვენს ორგანიზაციას აქვს 20-დღიანი ვადა და შემდეგ უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები 60 დღის ვადაში განიხილავენ ჩვენ საჩივარს. დაველოდებით სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილებას და შესაბამისად ვიმოქმედებთ. თუ კომიტეტი არ გაითვალისწინებს ჩვენს არგუმენტებს, ამის შემდგომ უკვე EQAR-ისგან დამატებითი შეფასების განხორციელებას მოვითხოვთ“,- განაცხადა ლაშა მარგიშვილმა.

რაც შეეხება ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის - ENQA-ს წევრობას, ის განმარტავს, რომ ცენტრი კვლავ წევრია. ამასთან, კიდევ ერთი მიმართულება, სადაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პრობლემებს არ ელის, სამედიცინო განათლებაა.

"გიდასტურებთ, რომ 21 დეკემბრის მდგომარეობით, ჩვენ ვართ ENQA-ს სრული წევრი ორგანიზაცია და ENQA-ს პროცედურების მიხედვით, თუკი მათი წევრი ორგანიზაცია რომელიმე სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ისინი არ უწყვეტენ ამ ორგანიზაციას ასოციაციის წევრობას, მას აძლევენ დამატებით ორ წლიან ვადას რომ გამოასწოროს რეკომენდაციები და შესაბამისად გააგრძელოს ასოციაციის სრული წევრობა.

რაც შეეხება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) წევრობის საკითხს, აქაც გვინდა დავამშვიდოთ საზოგადოება და განვმარტოთ, ცენტრი 2018 წლიდან არის WFME-ის წევრი ორგანიზაცია და შესაბამისად ჩვენ მანამდე მოვიპოვეთ ამ ორგანიზაციის წევრობა ვიდრე გავხდებოდით ENQA-ს და EQAR-ის წევრი სააგენტო. ამასთან, WFME-ის წევრი ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების დიდი ნაწილი არ წარმოადგენს არც ENQA-ს წევრს და არც EQAR-ში რეგისტრირებულ ორგანიზაციას. აქედან გამომდინარე, არც სამედიცინო მიმართულებით არ შეიძლება ვთქვათ, რომ რაიმე ტიპის პრობლემა და დაბრკოლება შეიძლება შეექმნას ჩვენს ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებზე",- განაცხადა ლაშა მარგიშვილმა.

"საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა EQAR-ის და ENQA-ს წევრობას კარგავს" - რას ნიშნავს ეს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები