მაისის დასაწყისში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ შიდა ტურიზმის გახსნა 15 ივნისს, საერთაშორისო ტურიზმის კი 1 ივლისს დააანონსა. მას შემდეგ სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები დარგის უსაფრთხო ოპერირებისთვის საჭირო გაიდლაინების აუცილებლობაზე უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ. გასულ კვირას კი ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ხელისუფლება UNWTO-სთან თანამშრომლობით თავად ქმნის პროტოკოლებს, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეგულაციებს აცდენილი არ იქნება.
გაიდლაინების აუცილებლობაზე ასევე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი გასულ კვირას, კახეთში ვიზიტისას. მან ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ შეუძლიათ პროტოკოლების მიხედვით დაეწყოთ მზადება. გუშინ კი, გახარიამ აღნიშნა, რომ ბიზნესსუბიექტები მუშაობის განახლებას შემოწმების შემდეგ შეძლებენ.
როგორც BM.GE-სთვის გახდა ცნობილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით, კერძო სექტორის წარმომადგენლების, სურსათის უვნებლობის სამსახურისა და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების მონაწილეობით, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ერთი ნაწილისთვის - ბარ-რესტორნებისთვის შემუშავდა 23-ე დანართი (აუცილებელი გაიდლაინები), სადაც დაწვრილებით იყო გაწერილი ის წესები, რომელზეც უნდა გადაწყობილიყვნენ კომპანიები. ეს წესები 18 მაისს უნდა გასაჯაროვებულიყო, თუმცა დღემდე დარგი მოლოდინის რეჟიმშია.
BM.GE-სთან საუბრისას საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ბორდის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ გაიდლაინები ეპიდემიოლოგებმა დაიწუნეს, თუმცა ვერ აკონკრეტებს - რატომ.
"23-ე დანართი, რომელშიც წარმოდგენილია ბარ-რესტორნებისთვის გაწერილი გაიდლაინები, რომელზეც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჯანდაცვის სამინისტროს და სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ, ჩვენი ინფორმაციით ეპიდემიოლოგებმა დაიწუნეს და უფრო უნდა გაამკაცრონ. დღემდე ველოდებით ამ დოკემენტის დადასტურებას. დღეს არის მე-11 დღე, მაგრამ პასუხი არ არის", - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.
აღსანიშნავია, რომ გუშინ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ტურიზმის დარგისთვის მუშაობის წესები გუშინვე გასაჯაროვდებოდა, თუმცა ეს ამ დრომდე არ მომხდარა. BM.GE მასთან დაკავშირებას დღესაც შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან კი სექტორისთვის აუცილებელი გაიდლაინების გასაჯაროების შესახებ რედაქცია პასუხის მოლოდინშია.
აღსანიშნავია, რომ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ტურიზმის სექტორის ამოქმედებით ვირუსის გავრცელების მეტ საფრთხეს ხედავს, რის შესახებაც მან რამდენიმე დღის წინ ისაუბრა.
"მე უფრო მეტი რისკი მგონია ტურისტული სეზონის გახსნა. როდესაც შემოვლენ უცხოელები, როდესაც ჩვენები დაიწყებენ მგზავრობას უცხოეთში, აქ მიმაჩნია, რომ ჩვენმა მთავრობამ ფანტაზია უნდა გამოიჩინოს, რაღაც ოპტიმალური ალგორითმი უნდა შექმნას, როგორ მივიღოთ უცხოელი ტურისტები ისე, რომ მათ არ დავუკარგოთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი. მეორე მხრივ, ჩვენი მოსახლეობა როგორ უზრუნველყონ ისე, რა რეგულაციები დაუწესონ, რომ მათაც არ გაუქრეთ უცხოეთში მოგზაურობის სურვილი. ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც დგას ახლა ჩვენი მთავრობის წინაშე. როგორ გაართმევს ამას თავს, წინასწარ ვერ გეტყვით", - განაცხადა თენგიზ ცერძვაძემ.