ტურიზმის კუთხით ისრაელი საქართველოსთვის TOP-ქვეყნების ხუთეულშია, საიდანაც მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტი შესრულდა.
ოფიციალურ სტატისტიკას თუ შევხედავთ, 2022 წლის განმავლობაში ისრაელელი ვიზიტორების მიერ ჩვენს ქვეყანაში სულ 210 178 ვიზიტი შესრულდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 108.7%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის რიცხვებს 2.5%-ით. 2023 წლის პირველ ნახევარში ისრაელიდან შესრულებული ვიზიტების რაოდენობა 106 530-ს უკვე აღწევს. ეს რიცხვი 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელს 26%-ით, ხოლო 2019 წლისას 38.1%-ით აღემატება.
რა მოლოდინებია ომის ფონზე ტურიზმში და როგორ აისახება ისრაელში შექმნილი ვითარება სხვა მიმართულებებზე - ამ კითხვებით BM.GE-მ სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელს შალვა ალავერდაშვილს მიმართა. დარგის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისრაელში საომარი მდგომარეობის გამო ტურიზმის სექტორში ცუდი მოლოდინები აქვთ.
"მოლოდინები ამ ეტაპისთვის ძალიან ცუდია, თუ ეს სიტუაცია მსხვილმასშტაბიან ომში გადაიზარდა, რასაკვირველია მსოფლიოსთვის და, კერძოდ, ტურიზმისთვის კარგი პერიოდი არ დადგება და უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი როგორ მოვიქცეთ. ამასთან, თუ მთელი რეგიონი ჩაერთო ომში, ეს იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ისრაელიდან, არამედ ტურისტების ნაკადის მიღება ე.წ. გალფის ქვეყნებიდანაც შეწყდება, ეს კი ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან ეს ბაზრები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანია ჩვენი ტურიზმისთვის. ომი ტურიზმის პირველი მტერია და ამ ეტაპზე, ტურიზმისთვის კარგი არაფერი ხდება”, - განმარტა შალვა ალავერდაშვილმა
მისივე თქმით, მიმდინარე წელს საქართველოს ისრაელიდან ბევრი ტურისტი ეწვია, თუმცა, ბოლო სამი დღის ვითარებით, სასტუმროებში ისრაელიდან შემოსული ჯავშნები უქმდება.
“მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ისრაელიდან შემოსული ტურისტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, მიმდინარე წელსაც ისრაელი ტურისტების დიდი რაოდენობა გვყავდა, ისინი, ძირითადად ბათუმში და თბილისში ჩამოდიან, თუმცა, ბოლო სამი დღის მონაცემებით, ომისა და არეულობის ფონზე, ისრაელიდან ჯავშნები უქმდება”, - განაცხადა ჰოტელიერმა.
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ისრაელში არსებულ საომარ ვითარებას ამ ქვეყნიდან წამოსულ ტურისტულ ნაკადებზე დიდი გავლენა ექნება და ეს საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორზე აისახება.
“ისრაელი ჩვენი ერთგული პარტნიორია, ტურისტების ზრდა ყოველწლიურად ხდება, თუმცა, ბუნებრივია, ომი თუ დაიწყო, ისრაელიდან საქართველოში ხალხი ტურისტებად არ ჩამოვა. ისრაელში საომარი მდგომარეობა ტურიზმს პირდაპირ დაარტყამს, თუ ეს კონფლიქტი მალე დამთავრდება, რასაკვირველია, გაგრძელდება მიმოსვლა, ხოლო თუ ხანგრძლივი ომი იქნება, ეს ტურიზმს ცალსახად შეეხება”, - აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.