საქართველოს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის, ჰოტელიერ შალვა ალავდერდაშვილის შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე უკეთესია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ტურიზმში მიმდინარე ტენდენციების შეფასებისას განაცხადა.
ამასთან, შალვა ალავერდაშვილი თქმით, იმისთვის, რომ სასტუმრო ინდუსტრიაში ინვესტიციების ჩადება გაგრძელდეს და დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები არ შეჩერდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა მეტად კოორდინირებულად უნდა იმუშაონ. კერძოდ, "ეკონომიკის სამინისტრომ, საგარეო უწყებამ და შსს-მ უნდა იმუშაონ, რათა ტურისტებს ბარიერები არ ჰქონდეთ”, - აღნიშნა ჰოტელიერმა.
„წლევანდელი იანვარი გაცილებით უკეთესი იყო და თებერვალიც აშკარად სჯობს წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. პირველ რიგში, ამას ხელი შეუწყო კლიმატურმა პირობებმა - წელს, ზამთრის კურორტებზე სეზონი ადრეც დაიწყო და ახლაც გრძელდება. ტურისტების რაოდენობით ლიდერობს გუდაური, შემდეგ მოდის ბაკურიანი; შედარებით ნაკლები ტურისტი ჰყავს მესტიას, ხოლო აჭარის მთის კურორტებზე კი, უფრო სუსტია.
რაც შეეხება ტურისტების გეოგრაფიას, წელს, ზამთარში გაცილებით მეტი ევროპელი ტურისტი მივიღეთ, ვიდრე - შარშან;
ასევე, წინა წელთან შედარებით გაზრდილია ისრაელიდან ტურისტების რაოდენობაც; საკმაოდ ბევრი ისრაელელი სტუმარი მიიღო გუდაურმა და იმედი გვაქვს, ეს ტენდენცია მთელი წელი გაგრძელდება.
ვიმედოვნებთ, აზერბაიჯანი მალე მიიღებს გადაწყვეტილებას და სახმელეთო საზღვრები გაიხსნება. ცუდია, რომ ახლა არ გაიხსნა, რადგან მარტში ნოვრუზია და ბევრი აზერბაიჯანელი ამ დღესასწაულს საქართველოში აღნიშნავდა.
ამდენად, წლევანდელი 2024 წელი კარგად დაიწყო. რაც შეეხება მომავალს, ჯავშნები გვაქვს და იმედია, რაოდენობა კიდევ გაიზრდება“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა, რომელმაც გამოწვევებზეც ისაუბრა, მთავრობის ტურიზმის გუნდიც შეაქო.
„მინდა, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის გუნდი შევაქო - აქტიურად მუშაობენ ახალი ავიაკომპანიების შემოყვანის და ახალი მიმართულებების დამატების კუთხით. იმედია, ზაფხულში ავიამიმართულებების რიცხვი კიდევ გაიზრდება. ეს მოიტანს უფრო მეტ დოვლათს ქვეყანაში“, - აღნიშნა ჰოტელიერმა.