ეპიდვითარების დამძიმებისა და აქციების დაწყების შემდეგ ჯავშნები უქმდება, - ამის შესახებ „საქმის კურსის“ ეთერში, ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სექტორმა ამ დრომდე არ იცის, როგორ უნდა მოემზადოს ზამთრისთვის.
„ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა არის იმ ქვეყნის სტაბილურობა, რომელსაც ტურიზმის განვითარება სურს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არც ეპიდვითარება გვაქვს სტაბილური და პოლიტიკურ ჭრილშიც ვერ ვართ უსაფრთხოდ, ამ შემთხვევაში, ზამთრის ტურისტული სეზონი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მას შემდეგ, რაც ეპიდვითარება დამძიმდა, შემცირდა, შეწყდა და ბოლოს გაუქმებები დაიწყო ჯავშნების. მას შემდეგ, რაც აქციები დაიწყო, ახალი ჯავშნებიც აღარ კეთდება. რამდენიმე სასტუმროს და ტურისტული კომპანიის მაგალითზე გეუბნებით ამას. ზამთრის სეზონს რაც შეეხება, სრულიად არ ვიცით რა გავაკეთოთ, კიდევ ჩავდოთ ფინანსები, თუ არა. ჯერ ჯავშნები არ გვაქვს, რაც გვაქვს ისინიც არ არის გარანტირებული, არაა ფინანსურად უზრუნველყოფილი. ახალი ჯავშნები კი არ კეთდება“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.




























