მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EQAR -ის წევრობის შეწყვეტა, საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვისთვის, შეიძლება სერიოზულ დაბრკოლებად იქცეს - საბაუნის პრორექტორი

სულხან-საბა ორბელიანის უნივერისტეტი

უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში [EQAR] საქართველო ყოფილი წევრების სიაში გადაიყვანეს.

აქამდე ვიცოდით, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია შეჩერებული ჰქონდა, თუმცა ამ დროისთვის, EQAR-ის ოფიციალურ გვერდზე ცენტრი უკვე ყოფილი წევრების სიაშია შეყვანილი.

განათლების მკვლევარების გარდა, უნივერსიტეტების ნაწილიც ღიად ამბობს, რომ EQAR-ის წევრობის შეწყვეტა ქართული განათლების სისტემისთვის სერიოზული რეპუტაციული ზიანის მომტანია, რაც დღეს თუ არა რამდენიმე წლიან პერსპექტივაში მათ შორის საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვაზეც იქონიებს გავლენას.

„რეპუტაციული თვალსაზრისით ცალსახად საზიანოა, რადგან EQAR-ის წევრობა და ზოგადად ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე დღის წესრიგის ნაწილი იყო და რა თქმა უნდა, ჩვენი განათლების სისტემის სამომავლო განვითარებისთვის ამ სივრცეში ყოფნა ნამდვილად სასიცოცხლოა.

პირდაპირი ეფექტი ამ წამიერი რა თქმა უნდა ამას ვერ ექნება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში რა თქმა უნდა მსგავსი რეპუტაციული ზიანი შეიძლება როგორც უშუალოდ ჩვენი ქვეყნისთვის, ისე საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვისთვის სერიოზული დაბრკოლებად იქცეს. რაც მთავარია აღნიშნულმა არ უნდა მიიღოს შეუქცევადი ხასიათი, ვინაიდან სხვა ორგანიზაციებიდან, მათ შორის ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის თვალსაზრისით სხვა ორგანიზაციებიდან ჩვენმა პოტენციურმა გამოსვლამ ან წევრობის შეჩერებამ, რაც არ მინდა მოხდეს, შეიძლება დააზარალოს მთლიანად განათლების სისტემა და საფრთხე შეუქმნას არამხოლოდ მის ინტერნაციონალიზაციას, არამედ ელემენტარულად თუნდაც რეგიონში კონკურენტუნარიანობას“,- აცხადებს BMG-სთან საბაუნის პრორექტორი დიმიტრი გეგენავა.

EQAR ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს უმაღლესი განათლების სფეროში გამჭვირვალობას და ნდობის ამაღლებას, ასევე ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში განათლების აღიარებას. ENQA-ს მიერ 2023 წელს მომზადებულ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გარე შეფასებაში მისი ორგანიზაციული დამოუკიდებლობის გამოწვევის გამო საქართველოს EQAR-ის რეგისტრაცია ოფიციალურად გასული წლის ბოლოს შეუჩერდა, თუმცა ამ დროისთვის, EQAR-ის ოფიციალურ გვერდზე ცენტრი უკვე ყოფილი წევრების სიაშია შეყვანილი.

რა კეთდება დაკარგული სტატუსის აღსადგენად, და ორგანიზაციის წევრობის დაკარგვით მოსალოდნელი შედეგების პრევენციისთვის, ამაზე განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი და თავად სამინისტრო ჯერ მკაფიოდ არაფერს საუბრობს.

რამდენიმე დღის წინ ჩვენთვის გამოგზავნილი ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, რომ ქართულის მხარე ევროპული ორგანიზაციიდან გადაწყვეტილებაში მითითებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ფოკუსირებული შეფასების განხორციელებას ითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები