მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ექიმებზე დატვირთვა არის უპრეცენდენტოდ გაზრდილი, გამკლავების რესურსი კი ნულოვან ნიშნულს უახლოვდება“

61f010f15eba8
ელენე გოგბერაშვილი
26.01.22 00:09
1064
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ზრდის ფონზე, სადაზღვევო კომპანიების თქმით, კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობა თითქმის გაოთხმაგდა. ომიკრონის შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის გათვალისწინებით განსაკუთრებული დაწოლა ოჯახის ექიმებზე მოდის. შესაბამისად სადაზღვევო სექტორი ამბობს, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი შესაძლებლობების ზღვარზეა.

„დატვირთვა არის უპრეცენდენტოდ გაზრდილი. დატვირთულობა ინფიცირების მაჩვენებლის ზრდასთან ერთად იზრდება და ამ მომართვიანობის ლოგიკურად გამკლავების რესურსი ყოველდღიურად უახლოვდება ნულოვან ნიშნულს.

ვმუშაობთ 100%-იან დატვირთვაზე. ამის ფონზე კერძო დაზღვეულების ნაწილს, რომელთათვის კოვიდის თემა არ არის პრობლემური და სხვა ტიპის დახმარება სჭირდებათ, ყურადღება არ უნდა მოაკლდეთ, თუმცა ამის გაკეთება შეუძლებელია რესურსების არარსებობის გამო“-აცხადებს იმედი L-ის გენერალური დირექტორი, გივი გიორგაძე.

არსებული დატვირთულობიდან გამომდინარე კერძო სექტორი ჯანდაცვის სამინისტროს პაციენტების მართვის პროტოკოლის გადახედვას სთხოვს. არსებულ ვითარებაში ერთ-ერთი გამოსავალი გივი გიორგაძის შეფასებით, შესაძლოა არაინფიცირებული პაციენტებისთვის დროებით გეგმიური ამბულატორიული მომსახურების შეჩერება იყოს.

„ეს ერთ-ერთი გამოსავალია. აქამდე არაერთხელ იყო გამოყენებული გეგმიური სერვისების შეჩერება, რაც არის ერთ-ერთი გამოსავალი, რომ კოვიდინფიცირებულებისთვის რესურსი გამოთავისუფლდეს, თუმცა არ ვთვლი, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი და პრობლემის გადაჭრა.

პრობლემის შესახებ კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი, სწორი მოლოდინების შექმნა არის მნიშვნელოვანი. ადამიანების მხრიდან ფიქსირდება გულდაწყვეტა და იმედგაცრუება, როცა მოლოდინები ვერ შეესაბამება რეალობას. დღეს მთელი დატვირთვა გაოთხმაგებული დოზით წამოსულია ამბოლატორიულ მხარეს, სადაც ოჯახის ექიმები არიან ჩართულები. აქედან გამომდინარე ფიზიკურად რესურსი აღარ არსებობს.

მთავარი მიზანი უნდა იყოს არსებულ რესურსებში როგორ მიეხედოს მძიმე ქრონიკულ პაციენტებს და არა ყველას. სამწუხაროდ, მწირი რესურსების გამო დადგა საკითხი, რომ პირველ რიგში პრიორიტეტიზაცია უნდა მოხდეს რთულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების. ჩემი პირადი აზრით, უნდა შეიცვალოს ამ მიმართულებით პროტოკოლი, თუმცა ეს არ უშველის, თუ არ მოხდა ამის შესახებ მოქალაქეებთან კომუნიკაცია.

ვთვლი, რომ დღეს რა კომუნიკაციაც არსებობს, ამაზე სამჯერ აქტიური კომუნიკაციაა გასაკეთებელი. რამდენიმეჯერ მეტია სათქმელი და სალაპარაკო, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სწორი მოლოდინები არსებული რეალობიდან გამომდინარე“-აცხადებს გივი გიორგაძე.

აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების მწირი რესურსის შესახებ ინდუსტრიის წარმომადგენლებმა გუშინ საქმის კურსში ჩააყენეს ჯანადცვის სამინისტრო. რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელი ჯანადცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით დღეს BM.GE-მ კითხვა თავად თამარ გაბუნიას დაუსვა, თუ რა პოზიცია აქვს სამინისტროს სადაზღვევო კომპანიების მიერ დასმულ საკითხებზე.

„ვიმსჯელეთ გარკვეულ პროცედურულ და ადმინისტრაციულ საკითხებზე. არის თუ არა შესაძლებელი ადმინისტრაციული და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება ონლაინ, რადგან ეს ოჯახის ექიმებს დროს ართმევს. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ და ეს ყველაფერი ონლაინ ფორმატში გადავიტანოთ. რაც შეეხება გეგმიური ამბულატორიების გადავადებას, ეს უკვე შიდა თემაა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გადაუდებელი ქირურგიული ჩარევების პრეცენდენტები იყო და გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გადავადდება. არ გვქონია ამბულატორიული მომსახურების გადავადების ეპიზოდები, რადგან ეს მომსახურება ექიმის და პაციენტის კომუნიკაციის პროცესში მეტად მართვადია. ამდენად სადაზღვევო სქემებს შეუძლიათ ამაზე კომუნიკაცია. დღეს მთავარია რესურსი მოხმარდეს „ომიკრონის“ მართვას, რადგან ეს 2-3-კვირიანი პიკური პერიოდი გავიაროთ ისე, რომ პაციენტებს ყურადღება არ მოაკლდეს.

გეგმიური ამბულატორია, თუ კი იძლევა გადავადების შესაძლებლობას ეს შეიძლება სადაზღვევო სქემის ფარგლებში განისაზღვროს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები