მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ექნება თუ არა გავლენა უცხოელების დასაქმების შეზღუდვას უძრავი ქონების ბაზარზე - შეფასება

თბილისი

უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლების ნაწილი მიიჩნევს, რომ უცხოელებისთვის დასაქმებაზე შემოღებულ რეგულაციებს ბაზარზე უმნიშვნელო გავლენა ექნება.

საქმე ისაა, რომ 1-ელი მარტიდან საქართველოში უცხოელების დასაქმება იზღუდება. მათ შორის მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ კურიერებად, ტაქსისტებად და გიდებად მუშაობა. დღეს გასაქირავებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნას კი მათ შორის ის მიგრანტებიც ქმნიან, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა სექტორში არიან დასაქმებულები.

როგორც BMG-სთან საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს (GREA) დამფუძნებელი, ნინო აბსანძე აცხადებს, თუკი ამ ადამიანების ნაწილს ქვეყნის დატოვება მოუწევს, ამას გავლენა უფრო მეტად ეკონომ სეგმენტის ბინებზე ექნება. მისი თქმით, ამ კატეგორიის მიგრანტები შედარებით იაფ საცხოვრებელ ბინებს ქირაობენ.

“ეს ეხება ძალიან დაბალშემოსავლიან სეგმენტს, რომელიც დიდ ინვესტიციებს იჯარის თანხით არ აკეთებდა ამ ბაზარზე. არარეზიდენტი პირების ქვეყანაში დასაქმების მიმართულება - ეს არის ჩემი აზრით, დიდწილად მაინც ბაზრის დარეგულირება, რაც არ არის გამონაკლისი, ბევრ ქვეყანაში ასეა. დღეს ძალიან ბევრ ადამიანს შეუძლია მიმართოს გარკვეულ ორგანოს და მოიპოვოს მუშაობის უფლება გარკვეული საფასურის გადახდის შემთხვევაში.

ვისაც ზღუდავს ეს ცვლილება, ძალიან დაბალშემოსავლიანი კატეგორიაა. ხშირად ერთ ბინას ერთად 10 ადამიანი ქირაობს და ისე ცხოვრობენ. ამ რეგულაციას გარკვეული ეფექტი ალბათ ექნება, მაგრამ არა მნიშვნელოვანი.

ეს კატეგორია, იგივე კურიერები და მსგავს სეგმენტში დასაქმებული პირები, ხშირ შემთხვევაში ძალიან შემჭიდროებული და დაბალი კატეგორიის ბინებს ქირაობენ. პირობითად, 1000 და 800-500-დოლარიან ბინებს ეს ადამიანები ისედაც არ ქირაობდნენ. ისინი შედარებით ეკონომ კლასის, ძალიან დაბალი ღირებულების უძრავი ქონების იჯარას იღებდნენ, რომელშიც ცხოვრობდა ბევრი ადამიანი ერთად, ერთგვარი ჰოსტელის ტიპის დატვირთვა ჰქონდა მათ მიერ იჯარით აღებულ უძრავ ქონებას. ეს ძალიან დაბალი სეგმენტია. ამიტომ ვფიქრობ, ძალიან მცირე გავლენა ექნება.

ამისი აღრიცხვა როცა მოხდება, უფრო მარტივი იქნება პასუხების გაცემა, ვინაიდან დარეგულირებული ეს ბაზარი საერთოდ არ იყო. არ არის აღრიცხული ეს ხალხი და არ ვიცით, რამდენი ადამიანია რეალურად ამ სფეროში დასაქმებული ოფიციალური მონაცემებით. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ვიცოდეთ და აღირიცხოს არარეზიდენტი პირების წილი ამ ბაზარზე”, - განაცხადა ნინო აბსანძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები