გონიოში 5-ვარსკვლავიანი, პრემიუმ კლასის სასტუმრო Pontus Rotana Resort & Spa Gonio შენდება, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე დიდი სასტუმრო იქნება. სასტუმროს პროექტის მართვას საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბრენდი Rotana ახორციელებს, მისი ექსკლუზიური პარტნიორი კი, ქართული დეველოპერული კომპანია "პონტუს დეველოპმენტია".
როგორც კომპანიების ხელმძღვანელები განმარტავენ, Pontus Rotana Resort & Spa Gonio არის საუკეთესო ინვესტიცია მათთვის, ვისაც სურს მიიღოს სტაბილური შემოსავალი და ინვესტიცია, რომელიც უძრავი ქონებით იქნება გამყარებული.უფრო კონკრეტულად, სასტუმროში ინვესტიციის ჩადებით, თქვენ უზრუნველყოფის სახით მიიღებთ სასტუმროს ნომერს და გახდებით პარტნიორი მთელი სასტუმროს შეძენის გარეშე. ამასთან, სტაბილურად მიიღებთ წილს სასტუმროს რეალიზაციის პროპორციულად.
კომპანიების წარმომადგენლებმა კომპლექსის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გამართეს და ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორ კომპანიებსა და დაინტერესებულ ინვესტორებს პროექტი წარუდგინეს.
"5-ვარსკვლავიან სასტუმროებსა და მათ სტანდარტებზე მოთხოვნა არის უფრო მაღალი, ვიდრე მიწოდება. ამ კვლევებიდან, შეფასებებიდან და ანალიზიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეკეთებინა სუფთა 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, ისეთივე ინფრასტრუქტურითა და სერვისით, როგორსაც ნებისმიერი საერთაშორისო ბრენდი უნდა აკმაყოფილებდეს", - აცხადებს "პონტუს კაპიტალის" აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი ვარშალომიძე.
"Rotana არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის პორტფელიც უკვე 100-მეტ სასტუმროსა და კურორტს აერთიანებს. ჩვენ მოხარულები ვართ "პონტუს დეველოპმენტთან" თანამშრომლობით და ქართულ ბაზარზე შემოსვლით. ის, რაც ჩვენს ბრენდს კონკურენტებისგან გამოარჩევს არის მომხმარებლისთვის სრულყოფილი სერვისის მიწოდება. თავის მხრივ, "პონტუს დეველოპმენტიც" არის კომპანია, რომელიც დეტალებზე სრულად ორიენტირებულია. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა დამსვენებელს იმ გამოცდილებს მისცემს, რომელიც ამ ბაზარზე არსებული ყველა სხვა შეთავაზებისგან განსხვავებული იქნება", - აღნიშნავს ედი ტანასუი, Rotana-ს ბრენდის მთავარი საოპერაციო დირექტორი.
ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობით გამორჩეულ პრემიუმ კლასის კურორტზე მოსახვედრად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 წუთი, ქალაქის ცენტრიდან კი, სულ რაღაც 25 წუთი დაგჭირდებათ. თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან იქ მისასვლელად კი 10 წუთიც საკმარისია. მდებარეობის გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ Pontus Rotana Resort & Spa Gonio სანაპიროს პირველ ზოლშია განთავსებული და მას საკუთარი, კერძო პლაჟიც ექნება.
"ჩვენს ყველა დამსვენებელს ექნება პირდაპირი გასასვლელი ზღვასა და პლაჟზე და ყველანაირი ინფრასტრუქტურით სარგებლობას შეძლებენ. ჩვენ ასევე დაგეგმილი გვაქვს, რომ პლაჟზე, რომელიც ჩვენი სასტუმროს წინ, ზღვის პირველ ზოლში მდებარეობს, შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ, ეს იქნება: გასახდელები, შეზლონგები, მინი ბარები, რესტორნები და ყველა სერვისი შეთავაზებული იქნება ჩვენი სტუმრებისა და ამ პლაჟზე მოსული ადამიანებისთვის", - განაცხადა "პონტუს კაპიტალის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი ვარშალომიძემ.
რეგიონში ყველაზე დიდი სასტუმრო 546 ნომერს აერთიანებს. Pontus Rotana Resort & Spa Gonio-ში ოპერირებას რამდენიმე ბრენდული რესტორანი დაიწყებს. პრემიუმ კლასის სასტუმროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი კაზინო იქნება, რომელიც Rotana-ს ქსელში პირველი პრეცედენტია.
ამ ყველაფერთან ერთად, სასტუმროში ასევე განთავსდება ღია და დახურული საცურაო აუზები, ფიტნეს ცენტრი, გამაჯანსაღებელი ზონა და სპა, აგრეთვე საკონფერენციო დარბაზები, საპარკინგე ზონა, საბავშვო სივრცე და ვერანდა სახურავზე, სადაც დამსვენებელს, შავი ზღვის სანაპიროს ულამაზესი ხედებით ტკბობისა და დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა ექნება.
"გონიო განსაცვიფრებელი ადგილია, თვალწარმტაცი ხედებით. Pontus Rotana Resort & Spa Gonio-იდან ერთი მხრივ გაიშლება ულამაზესი ხედები ზღვის სანაპიროზე, ხოლო მეორე მხრივ, მთის ფერდობებითა და მისი საოცარი პეიზაჟებით ტკბობის შესაძლებლობა გექნებათ. ამ ყველაფერთან ერთად, სასტუმროში უამრავი სერვისით სარგებლობას შეძლებთ, კვებით დაწყებული, გართობით დამთავრებული. ჩვენ გვინდოდა რაღაც განსაკუთრებული შეგვექმნა, Pontus Rotana Resort & Spa Gonio კი ნამდვილად გამორჩეული სასტუმრო და ქართულ ბაზარზე ძალიან დიდი განაცხადი იქნება", - ამბობს Rotana-ს ბრენდის მთავარი საოპერაციო დირექტორი, ედი ტანასუი.
Pontus Rotana Resort & Spa Gonio-ს ჯამური საინვესტიციო ღირებულება 70 მილიონი დოლარია. ამ დრომდე ინვესტირებული თანხა კი 12 მილიონ დოლარს აღწევს. დღეის მდგომარეობით პროექტში უკვე 100 ადამიანია დასაქმებული, მომდევნო წლებში კი, დამატებთ 600 სამუშაო ადგილის შექმნას აანონსებენ.
5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები, რომელიც უკვე ერთი წელია მიმდინარეობს, 2026 წელს დასრულდება. სასტუმროს საზეიმო გახსნის ცერემონია კი 2027 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება.