მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს, სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალი განახლდება - განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტრო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალის გადახედვა და განახლება მოხდება.

სამინისტრომ ეს განცხადება ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით გააკეთა და აღნიშნა, რომ საგნობრივი სტანდარტების რევიზიაზე ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს.

უწყებაში განმარტეს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას დაეფუძნა.

ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ სურთ ექსპერტთა ჯგუფს შესთავაზონ ყველა ის ნაწარმოები, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებების ჩამოყალიბებას.

"მოგახსენებთ, რომ მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზია, რომელზეც მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი. რევიზიის პროცესში მოხდება სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალის გადახედვა და განახლება. ჩვენი სურვილია, აღნიშნულ ჯგუფს შევთავაზოთ, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი ლიტერატურა, ასევე ყველა ის ნაწარმოები რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ვიმედოვნებთ რომ სამომავლოდ აღნიშნული ნაწარმოებები სავალდებულო ლიტერატურის სტატუსით მოხვდება საგამოცდო პროგრამაში",- ამბობენ სამინისტროში და ნაწარმოებების საგამოცდო პროგრამიდან ამოღებას აბიტურიენტის ინტერესების დაცვით ხსნიან.

"მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა იყოს დაცული თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა",- აცხადებენ სამინისტროში.

უწყებაში განმარტეს, რომ თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება.

ცნობისთვის, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებულ 2025 წლის საგამოცდო პროგრამიდან ცნობილი გახდა, რომ ისტორიის ეროვნული საგამოცდო პროგრამიდან ამოღებულია „აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ ნახევარში“ (1802, 1804, 1812, 1819-20 წლის აჯანყებები რუსეთის წინააღმდეგ), ხოლო ქართული ენის პროგრამაში აღარ ვხვდებით ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთლის და სხვა მწერლების ათობით ნაწარმოებს. მათ შორისაა: "ბედნიერი ერი", "განდეგილი", "აჩრდილი", "აღმართ-აღმართ", "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი", "ყვარყვარე თუთაბერი" და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები