განათლების სამინისტროს მიერ ეროვნული გამოცდების პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღების საკითხს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აბიტურიენტებისთვის სავალდებულო მასალის ცვლილება აჩვენებს, რა ეროვნული იდეით იმართება სახელმწიფო.
"2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალიდან, როცა ამოიღებ ილიას ბედნიერ ერს, პასუხის პასუხს, განდეგილს, აჩრდილს და ოთარაანთ ქვრივს, როცა ამოიღებ პაოლო იაშვილის და პოლიკარპე კაკაბაძეს ნაწარმოებს მთლიანად ან კიდევ ვაჟას "პატრიოტიზმს და კოსმოპოლიტიზმს"... ხომ გასაგებია, თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება "განათლების" სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებულ 2025 წლის საგამოცდო პროგრამიდან ცნობილი გახდა, რომ ისტორიის ეროვნული საგამოცდო პროგრამიდან ამოღებულია „აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ ნახევარში“ (1802, 1804, 1812, 1819-20 წლის აჯანყებები რუსეთის წინააღმდეგ), ხოლო ქართული ენის პროგრამაში აღარ ვხვდებით ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთლის და სხვა მწერლების ათობით ნაწარმოებს. მათ შორისაა: "ბედნიერი ერი", "განდეგილი", "აჩრდილი", "აღმართ-აღმართ", "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი", "ყვარყვარე თუთაბერი" და სხვა.
ის, რომ ნაწარმოებები საგამოცდო პროგრამებში არ მოხვდა, არ ნიშნავს, რომ ისინი სასკოლო სასწავლო პროგრამიდანაც ამოიღეს.