„დედა ფუტკარი საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქციაა. ექსპორტზე გასატანი ერთი დედა ფუტკრის ღირებულება 45-50 დოლარია, შესაბამისად, ეს მიმართულება ნებისმიერი მეფუტკრისთვის ძალიან მოგებიანი იქნება“, - ამის შესახებ „ქალების ნარატივის“ პირდაპირ ეთერში „რუხი დედოფლის“ დამფუძნებელმა, თამარ კვარაცხელიამ განაცხადა.
მეფუტკრეობის წახალისებისთვის ბოლო პერიოდში დაიწყო სხვადასხვა ინიციატივები. მაგალითად, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან მეფუტკრეთა რეგისტრაცია სავალდებულო გახდა. უფრო კონკრეტულად, რეგისტრაციის გარეშე ფუტკრის ოჯახების გადაადგილება, ყიდვა-გაყიდვა და პროდუქტის რეალიზაცია აიკრძალა.
„მე მივესალმები ამ ინიციატივას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც დარგის განვითარებისთვის, აგრეთვე ექსპორტის ხელშეწყობისთვის. ქვეყანა, რომელიც მოითხოვს დედა ფუტკარს, მას სჭირდება სპეციალური საბუთები, ლაბორატორიები, პასპორტი. დედა ფუტკარი იგზავნება ზუსტად ისე, როგორც ვაგზავნით ექსპორტზე ნებისმიერ ცხოველს. თუ გვინდა, განვავითაროთ დარგი და თაფლის გარდა სხვადასხვა პროდუქტები მოვიცვათ, აუცილებელია ნებისმიერმა მეფუტკრემ აღრიცხოს თავისი საფუტკრე“, - აღნიშნავს თამარ კვარაცხელია.
„რუხი დედოფალი“ ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. რომლის წარმოებული “თხევადი ოქრო” უკვე ხელმისაწვდომია კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში.