მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან მეფუტკრეთა რეგისტრაცია სავალდებულო გახდა. რეგისტრაციის გარეშე ფუტკრის ოჯახების გადაადგილება, ყიდვა-გაყიდვა და მათი პროდუქტის რეალიზაცია აიკრძალა. ინიციატივა, როგორც თაფლის, ასევე ფუტკრის სხვა პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის აუცილებელია. რეგისტრაცია პროდუქციის მიკვლევადობას ზრდის.
როგორც FAO-ს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სოხაძე BM.GE-სთან ამბობს, მეფუტკრეებში რეგისტრაციის აუცილებლობის მიმართ ცნობიერება იზრდება, რასაც ადასტურებს ისიც, რომ დარეგისტრირებულთა რაოდენობამ კონკრეტულ მაჩვენებელსაც მიაღწია.
„1000-მდე საფუტკრე უკვე არის რეგისტრირებული, შედარება, რომ გავაკეთოთ დაახლოებით 6 თვის წინ სულ რაღაც 5-6 ცალი საფუტკრე იყო დარეგისტრირებული. თავდაპირველად, როგორც ყველა ინიციატივის მიმართ, ამ კონკრეტულის შემთხვევაშიც გარკვეული სკეპტიციზმი იყო, თუმცა შემდგომ ყინული გალღვა“ - ამბობს მიხეილ სოხაძე.
მეფუტკრეთა რეგისტრაციის შემოღებამ დღის წესრიგში ქართული - კავკასიური დედა ფუტკრის ექსპორტის საკითხიც დააყენა. გამორჩეული ხასიათის, შრომისუნარიანობის, დამტვერვის, თავდაცვის და დაავადებების მიმართ მედეგობის უნარიდან გამომდინარე, ქართულ, კავკასიურ დედა ფუტკარზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებიდან მაღალია.
თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველი საცდელი საჩვენებელი ოფიციალური სერტიფიცირებული ექსპორტი განხორციელდა. როგორც საერთაშორისო მეფუტკრეობის ასოციაციის დამფუძნებელი bm.ge-სთან აღნიშნავს, ექსპორტი ყაზახეთის მიმართულებით განხორციელდა და ის საწარმო-სამეურნეო ხასიათს ატარებდა.
კითხვაზე - როდის დაიწყებს ქვეყანა პირველ კომერციულ ექსპორტს - ასოციაციის დამფუძნებელი ზაზა ბააზოვი ამბობს, რომ მოთხოვნა არის, თუმცა ამ ეტაპისთვის მიწოდება ვერ ხერხდება, მიზეზი კი ჩვენი და საექსპორტო ქვეყნის კანონმდებლობების სინქრონიზაციის პროცესში არსებული გამოწვევებია.
„საექსპორტოდ გვყავს ფუტკარი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შესაძლოა გასცეს სერტიფიკატი, ექსპორტიორმა ქვეყანამაც უნდა მიიჩნიოს ჩვენი ფუტკარი, როგორც უსაფრთხო. რისკების შეფასება მიდის ახლა და ვფიქრობ, ეს პროცესი ერთი წელი მაინც გაგრძელდება.
მოლაპარაკებები მიმდინარეობს, აფასებენ ჩვენს მდგომარეობას, საფუტკრეებს, საერთო სურათს ვეტერინარული უსაფრთხოების კუთხით. როგორც კი ისინი მიიჩნევენ ჩვენს ქვეყანას საიმედოდ - ფუტკარზე უკვე სერტიფიკატი არსებობს მეურნეობები არსებობს და შეიძლება ექსპორტის დაწყებაც“ - განმარტავს ის.
გამოიწვევს თუ არა ქართული დედა ფუტკრის ექსპორტი, ადგილობრივ ბაზარზე თაფლის წარმოების შემცირებას? - როგორც მეფუტკრეთა ასოციაციაში გვპასუხობენ, აქტიური ექსპორტი მეფუტკრეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს, რადგან მეფუტკრეობა მხოლოდ თაფლის წარმოება- რეალიზაციას არ გულისხმობს და დარგის განვითარებისთვის საჭიროა ქვეყნიდან ფუტკრის სხვა პროდუქტების ექსპორტიც აქტიურად ხორციელდებოდეს.
„მეფუტკრეობა მარტო თაფლის წარმოება არ არის. დღეს თუ გვაქვს 2-3 მილიონიანი დოლარის ბრუნვა მეფუტკრეობაში, 2-3 წელიწადში დედების ექსპორტის ჩათვლით შეგვიძლია ეს 10 მილიონ დოლარამდე გავზარდოთ, თუ ყველაფერს გეგმის მიხედვით განვავითარებთ შესაძლოა ეს თანხა 100 მილიონ დოლარამდეც ავიდეს“ - ჰყვება ალეკო პაპავა.
ქვეყანაში მეფუტკრეობიდან მიღებული შემოსავლების ზრდას ქართული დედა ფუტკრის ღირებულება განაპირობებს. უფრო კონკრეტულად, ერთი დედა ფუტკარი საერთაშორისო ბაზრებზე დაახლოებით 30 დოლარი ღირს. რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, ასოციაციის ინფორმაციით, ის ყველა ქვეყნისთვის საინტერესოა - მათ შორის მოთხოვნა ფიქსირდება აზიიდან, ევროპიდან და აშშ-დან.