მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ექსპორტზე ღვინის ნიმუშების გაგზავნა ძალიან ძვირი ჯდება“ - მეღვინეობა GOGLA’s

6402014fa8aa7
სალომე ხიდურელი
03.03.23 18:34
1011
მეღვინეობა GOGLA’s, რომელიც ბაზარზე 2021 წლის ბოლოს გამოჩნდა, პროდუქციის ექსპორტზე გატანას ცდილობს. ამ პროცესთან დაკავშირებულ სირთულეებზე BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელი ნინო თუთბერიძე საუბრობს.

„ღვინო ჯერჯერობით ექსპორტზე არ გამიტანია, რადგან ლოგისტიკურად საკმაოდ რთული პროცესია. როდესაც სხავდასხვა ქვეყანა თავდაპირველად პროდუქციის ნიმუშებს მთხოვს, ამის გაგზავნაც კი უზომოდ ძვირი ჯდება. ამიტომ სპონსორებს ვეძებ, საზღვარგარეთ გასვლაში რომ შეგვიწყონ ხელი.

ამ ბოლო დროს უნგრეთიდან, ბუდაპეშტიდან იყო დაინტერესება, მაგრამ ვერ შევძელით ამ საკითხის მოგვარება. ზოგადად, უცხოურ ბაზარზე ძალიან დიდი მოთხოვნაა ქვევრის ღვინოზე. ხშირად ვიღებთ სხავადასხვა გამოფენაზე მონაწილეობას და უცხოელებისგან ძალიან დიდ დაინტერესებას ვხედავ“, - ამბობს ნინო თუთბერიძე.

GOGLA’s დამფუძნებლის თქმით, კომპანიის ხუთი სახეობის ღვინო ტრადიციული კახური ტექნოლოგიებით მზადდება.

„კახეთში, კარდენახის მიკროზონაში 13,5 ჰექტარზე მაქვს ვენახი გაშენებული. აქ მოყვანილი ყურძნისაგან კი ხუთი სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ: წარაფი, ხიხვი, საფერავი, ქინძმარაული და ქისი. ქვევრის ღვინოებია, თუმცა შედარებით მსუბუქი დასალევი.

ჩვენი ღვინოები საქართველოს მასშტაბით „ალკორიუმის“ ფილიალებში იყიდება, ასევე ვართ თბილისში, "8000 მოსავლის" ყველა ფილიალსა და რამდენიმე ქსელურ მარკეტში. ერთი ბოთლის ფასი საშუალოდ 35-37 ლარია“ - განმარტავს ნინო თუთბერიძე.

ინფორმაციისთვის, GOGLA’s მეღვინეობამ წარმოების პირველ წელს 10 000 ბოთლი ღვინო გამოუშვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები