მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ექსპორტზე კიდევ რამდენიმე წელი არ გავალთ” - “ბოსტანში” მიზეზებს განმარტავენ

649b01cb493c6
ნანუკა ნარიმანიძე
02.07.23 16:04
744
სასათბურე მეურნეობა “ბოსტანი” ექსპორტზე კიდევ რამდენიმე წელი ვერ გავა. ბიომეურნეობის დამფუძნებელმა ბექა ბარჯაძე “საქმიან დილაში” იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც "ბოსტანი" ექსპორტს 4-5 წლის განმავლობაში არ გეგმავს. 

“მიუხედავად იმისა, რომ მოვიპოვეთ ბიოსერტიფიკატი და ევროკავშირის ბაზარზე გზა გახსნილი გვაქვს, ექსპორტზე გასვლას მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში არ ვგეგმავთ, რადგან ახლა მხოლოდ იმ ეტაპზე ვართ, რომ ჩვენ ქართველ მომხმარებელს მოვემსახუროთ. ჩვენი მომხმარებლის ბაზაშევქმენით. ყოველ თვე ახალი რაოდენობა გვემატება, არ გვყავს ისეთი მომხმარებელი, რომელმაც ერთხელ შეიძინა ჩვენი პროდუქცია და უკან არ დაბრუნებულა, შესაბამისად, ბაზარზე მოთხოვნა ძალიან მაღალია და ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გაფართოებაზე ვფიქრობთ”, - განმარტა ბექა ბარჯაძამ.

"ბოსტანის" დამფუძნებელი რეალიზების მხრივ არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ მათი მთავარი პრობლემა არასაკმარისი პროდუქტია. 

“კომპანია გაყიდვების მხრივ წააწყდა ძალიან ბევრ პრობლემას, სწორედ ამიტომ ჩვენ 2022 წლის დეკემბერში დავიწყეთ ონლაინ გაყიდვები და კიდევ ვმუშაობთ ამაზე. სოციალური ქსელების მეშვეობით გვყავს 1500-2000 მომხმარებელი და ყოველთვიურად 200-300 ოჯახი გვემატება, ამიტომ საკმარისი პროდუქცია არ გვაქვს, დღეისთვის მთავარი პრობლემა ეს არის.

ზოგადად ბიოპროდუქტის მიმართ ნდობა ძალიან დაკარგულია და ცნობიერება ასამაღლებელია, თუმცა ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ ჩვენი მომხმარებლის 99%-ს შვილი ჰყავს და პროდუქციას მათთვის ყიდულობენ. წინასწარ არც ერთი პროდუქტი არ გვაქვს დასაწყობებული, შეკვეთა შემოდის, დღის განმავლობაში მზადდება და საღამოს 8 საათიდან 11 საათამდე ეგზავნება მომხმარებელს. ვაერთიანებთ მეფრინველეობას, გვაქვს კვერცხი და ბოსტნეული, ძირითადად ისეთი პროდუქტები, რომელიც ბავშვის კვებასთან არის დაკავშირებული”, - აღნიშნავს ის.

ცნობისთვის: საქართველოში პირველი ბიოსერტიფიცირებული სასათბურე მეურნეობა ბოსტანი გახდა. წარმოების 3 წლის თავზე კომპანიას ბიოსერტიფიკატი ოფიციალურად მიენიჭა, რაც ნიშნავს, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქცია 100%-ით ნატურალური და უსაფრთხოა. რაც შეეხება მასერტიფიცირებელ ორგანოს, CAUCASCERT-ია, რომელიც საქართველოში ბიოსერტიფიცირების ერთადერთი ადგილობრივი კომპანიაა. ის აკრედიტებულია გერმანიის აკრედიტაციის ცენტრის (DakkS) მიერ და შესულია ევროკომისიის მესამე ქვეყნების ბიოსერტიფიცირების ეკვივალენტური კომპანიების სიაში. შპს „კავკასსერტი“ გასცემს ბიოსერტიფიკატს, რომელსაც იურიდიული ძალა აქვს როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის ყველა ქვეყანაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები