მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპრემიერის თქმით, მამამისს "მრავალმილიონიანი ბიზნესი" აქვს - რა ბიზნესშია ტარიელ ღარიბაშვილი?

ტარიელ ღარიბაშვილი
04.04.24 18:36
2219

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის ყოველი წლის განმავლობაში უთითებდა მშობლისგან საჩუქრის სახით მიღებულ ასობით ათას ლარს. 2023 წელს კი მან 150,000 ლართან ერთად მშობლისგან დამატებით 109,500 ლარის საჩუქარიც მიიღო, რაც სამთავრობო ბორტის ჩარტერულად დაქირავებას გულისხმობდა. შესაბამისად, 2023 წელს ღარიბაშვილმა მშობლისგან 269,500 ლარის სარგებელი მიიღო.

2020 წელს ღარიბაშვილმა ტარიელ ღარიბაშვილისგან ასევე მიიღო 150,000 ლარი, 2021 წელსაც 150,000 ლარი, 2022-ში 180,000 ლარი, 2023 წელს კი 269,500 ლარი, რაც მთლიანობაში მამისგან მიღებულ 739,500 ლარის საჩუქარს წარმოადგენს.

რამდენიმე დღის წინ ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა მამისგან მიღებული ფულადი საჩუქრის შესახებ დასმულ კითხვას და განაცხადა, რომ ტარიელ ღარიბაშვილს მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება ეკუთვნის.

“მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მას ოფიციალურ საკუთრებაში მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება აქვს, რომელიც მან სხვადასხვა საშუალებით შექმნა. თუ თქვენ ნამდვილად დაინტერესებული ხართ, მე მზად ვარ, ეს საჯარო ინფორმაციაა, რომ გაგიზიაროთ“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტარიელ ღარიბაშვილის ბიზნესები:

ბიზნესრეესტრის მონაცემებით, ტარიელ ღარიბაშვილი მეწილედ ორ კომპანიაში ფიქსირდება - ორივე კომპანია ალკოჰოლური სასმელების წარმოებით არის დაკავებული.

ეს კომპანიებია:

  • შპს “ღარიბაშვილის მარანი”, რომელიც 2023 წლის 29 სექტემბერს დარეგისტრირდა, მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ტარიელ ღარიბაშვილია.
  • შპს “ქართული ფესვები”, რომელიც 2019 წლის 2 სექტემბერს დარეგისტრირდა. მასში ტარიელ ღარიბაშვილი 50%-იან წილს ფლობს, 50% კი მისი ბიზნესპარტნიორის, ნუგზარ ალუღლიშვილის შვილს თამარ ალუღლიშვილს ეკუთვნის.

საქართველოში მოქმედ კომპანიებს თუკი მათი შემოსავლები და აქტივები კონკრეტულ კრიტერიუმებს გადააჭარბებს, ევალებათ აღნიშნული მონაცემები გაასაჯაროონ, თუმცა კომპანია მეოთხე კატეგორიის საწარმოს სტატუსს ატარებს, შესაბამისად მისი შემოსავლები 2 მილიონ ლარს არ აღემატება.

რაც შეეხება ამ კომპანიების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, შპს “ღარიბაშვილის მარანს”, მასზე რეესტრში უძრავი ქონება არ ფიქსირდება, ხოლო შპს “ქართულ ფესვებს” დედოფლისწყაროში ეკუთვნის 26,146 კვადრატული მეტრის ფართობის უძრავი ქონება, რომელზედაც კომპანიის ღვინის საწარმო არის განთავსებული. კომპანიამ აღნიშნული უძრავი ქონების ნაწილი ბიზნესის 50%-იანი წილის მფლობელის, თამარ ალუღლიშვილის კომპანიისგან “ხორნაბუჯისგან” შეიძინა, თავად "ხორნაბუჯმა" კი 13,073 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, რომელიც შემდგომ “ქართული ფესვების” გახდა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან, პირდაპირი მიყიდვის წესით, 21,200 ლარად შეიძინა.

საჩუქარი მშობლებისგან ქონებრივ დეკლარაციებში:

მშობელი, როგორც სოლიდური საჩუქრის გამცემი მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაციის შემთხვევაში არ გვევლინება და სხვა მაღალჩინოსნებსაც ჩუქნიან/ჩუქნიდნენ მშობლები სოლიდურ თანხებს იმისთვის, რათა თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში ხარჯებსა და შემოსავლებს შორის ბალანსი დაჯდეს. მაგალითად, თუკი მინისტრის მოადგილე უთითებს, რომ შეიძინა ასობით ათასი ლარის ღირებულების აქტივები და მოგზაურობაზეც მნიშვნელოვანი თანხები დახარჯა. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირი არ არის ვალდებული ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითოს ოჯახის წევრის ქონება, თუკი ეს უკანასკნელი მასთან არ ცხოვრობს.

შესაბამისად, თუკი თანამდებობის პირს სურს იმაზე მეტი ხარჯები გასწიოს, ვიდრე მისი სახელფასო თუ სხვა შემოსავლებია, მას ქონებრივ დეკლარაციაში ხარჯებსა და შემოსავლებს შორის ბალანსის დასმა მშობლისგან მიღებული საჩუქრით შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები