მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი" - ექსპრემიერი ოჯახის ბიზნესზე

ღარიბაშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია წარმოებს. ღარიბაშვილმა ამის შესახებ ჟურნალისტებს მამის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით მედიაში გასულ სიუჟეტზე კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, პასუხი ყველა კითხვაზე გაცემულია და საზოგადოებამ ყველაფერი კარგად იცის.

„მე მართლაც მეუხერხულება ამ თემებზე საუბარი. საზოგადოებამ ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, რომ ესაა მიზანმიმართული კამპანია პირადად ჩემს წინააღმდეგ, რომ რამენაირად მოახდინონ ჩემი სახელის და ოჯახის დისკრედიტაცია, ეს არახალია. იცით, რომ ჯერ კიდევ 2012 წლამდე ჩემი ოჯახის წევრი დაიჭირა ხელისუფლებამ და რომ არ მოგვეგო მაშინ, რა თქმა უნდა, ამ კაცს მოკლავდნენ, მე ციხეში დამიჭერდნენ. იცით, ჩემი პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღეებიდან რამხელა აღვირახსნილი კამპანია წარმოებს ჩემს წინააღმდეგ. ესაა დისკრედიტაციის მცდელობა. რაღაც პერიოდი აღარ ვიყავი პოლიტიკაში, მაშინაც გაგრძელდა ეს კამპანია, დავბრუნდი პოლიტიკაში და რა თქმა უნდა გაგრძელდა, აღარ ვარ პრემიერ-მინისტრი და გააგრძელეს. მაგრამ სამწუხაროდ, ერთი რამ ვერ გაიგეთ, რომ არ მუშაობს. ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი. ყველა კითხვაზე არის პასუხი გაცემული“,- ამბობს ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის ყოველი წლის განმავლობაში დეკლარაციაში უთითებდა მშობლისგან საჩუქრის სახით მიღებულ ასობით ათას ლარს. 2023 წელს კი მან 150,000 ლართან ერთად მშობლისგან დამატებით 109,500 ლარის საჩუქარიც მიიღო, რაც სამთავრობო ბორტის ჩარტერულად დაქირავებას გულისხმობდა. შესაბამისად, 2023 წელს ღარიბაშვილმა მშობლისგან 269,500 ლარის სარგებელი მიიღო. 2020 წელს მან მამისგან, ტარიელ ღარიბაშვილისგან ასევე მიიღო 150,000 ლარი, 2021 წელსაც 150,000 ლარი, 2022-ში 180,000 ლარი, 2023 წელს კი 269,500 ლარი, რაც მთლიანობაში მამისგან მიღებულ 739,500 ლარის საჩუქარს წარმოადგენს. ბიზნესრეესტრის მონაცემებით, ტარიელ ღარიბაშვილი მეწილედ ორ კომპანიაში ფიქსირდება - ორივე კომპანია ალკოჰოლური სასმელების წარმოებით არის დაკავებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები