ჯანდაცვის სექტორში კადრების დეფიციტი, კერძოდ კი ექთნების ნაკლებობა კვლავ აქტუალური საკითხია, რასაც ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს.
2023 წელს საქართველოს 21 468 ექთანი ჰყავდა, რაც 2022 წელთან შედარებით 561-ით შემცირებული რაოდენობაა.
ექთნების პროფესიული განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ჰოსპიტალურ სექტორში კადრების დეფიციტს რამდენიმე ფაქტორი იწვევს. მათ შორის, ის გარემოება, რომ ექთნების ნაწილი ქვეყანას ტოვებს.
როგორც BMG-ის ასოციაციის ხელმძღვანელმა, მარინა სახვაძემ განუცხადა, კადრების ქვეყნიდან გადინების ძირითადი მიზეზები სექტორში დაბალი ანაზღაურება და კლინიკებში არსებული შრომითი პირობებია.
“კადრები დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზი კვლავაც ხელფასებია რჩება, რომელიც დარგში მაინც დაბალი რჩება. ამას ემატება ის გარემოება, რომ კადრები ქვეყნიდან გადიან, კერძოდ, გერმანიაში. გერმანიის კლინიკებს საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი კონკურენციას ვერ გაუწევს. ფაქტობრივად, ამ სფეროში გერმანია გახდა ჩვენი კონკურენტი. სტუდენტებს როდესაც ვეკითხებით, რატომ ირჩევენ ექთნის პროფესიას, ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანი საზღვარგარეთ წასვლაა.
ხელფასების გარდა, ექთნებისთვის პრობლემაა გაუსაძლისი სამუშაო პირობებიც. სწორედ კადრების დეფიციტი იწვევს იმ პრობლემას, რომ ექთნებს მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა. არის შემთხვევები, როდესაც ერთი ექთანი 15-20 პაციენტს ემსახურება, ეს ურთულესი შრომაა”, - განაცხადა მაია სახვაძემ.