ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დარგში ექთნების დეფიციტი კვლავ მწვავედ დგას.
ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორის და ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, კლინიკებისთვის ბოლო პერიოდში დაწესებული სტანდარტები ახალ მოთხოვნებს ექთნების წინაშეც აყენებს, რაც საბოლოოდ მედპერსონალის ამ რგოლის დატვირთვასაც ზრდის. როგორც მაია მახარაშვილმა BMG-ის განუცხადა, კვალიფიციური კადრების დეფიციტს თავის მხრივ, კადრების სხვა სექტორებში გადანაცვლება და ქვეყნიდან გადინება ქმნის.
მისივე თქმით, შექმნილი ვითარების ფონზე, მომავალში ამ რგოლის მედპერსონალისთვის ანაზღაურების ზრდის საკითხი დადგება დღის წესრიგში, თუმცა მისივე განმარტებით, ეს იქამდე ვერ მოხდება, ვიდრე სახელმწიფოს მხრიდან კლინიკების დაფინანსების სისტემა არ გამოსწორდება.
“სექტორში კვალიფიციური ექთნები ძალიან ჭირს, ამ მიმართულებით არ ხდება ახალი კადრების დამატება და ამ პროფესიას უკვე ნაკლებად ირჩევენ. ამ საქმეს საკმაოდ მაღალი კვალიფიკაცია სჭირდება და როგორც ჩანს, სამოტივაციო მექანიზმებიც არაა კარგად აწყობილი. კლინიკების წინაშე დაწესებულმა ახალმა მოთხოვნებმა, აკრედიტაციის სტანდარტმა ექთნების წინაშე ახალი მოთხოვნები დააყენა და გამოდის, რომ ექთნებს სამუშაოც გაეზარდათ. სახელმწიფომ ამ მიმართულებით მინიმალური ანაზღაურების სტანდარტი დააწესა და დარგში ხელფასების მატებაც მოხდა. თუმცა ჩვენ ანაზღაურების მხრივ მაინც ვერ გავუწევთ კონკურენციას მაგალითად, ევროპულ ქვეყნებს, სადაც ექთნები სამუშაოდ მიდიან ხოლმე ძირითადად.
გვესმის, რომ როდესაც სამუშაო მოცემულობა იზრდება, ამას სამოტივაციო ნაწილიც უნდა დაემატოს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ჯერჯერობით ბევრი მიმართულებაა გასასწორებელი, მათ შორის დაფინანსების DRG სისტემა, ეს ჯერ ვერ მოხერხდება. თუკი ეს მიმართულებები გასწორდება, შემდეგ უკვე შესაძლებელია დარგში დამატებითი სამოტივაციო მექანიზმების გაჩენა“, - განაცხადა მაია მახარაშვილმა.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ექთნების რაოდენობა მცირდება. კერძოდ, 2023 წელს საქართველოს 21 468 ექთანი ჰყავდა, რაც 2022 წელთან შედარებით 561-ით შემცირებული რაოდენობაა.