ტრანსპორტის გენერალურმა სააგენტომ ერ-რიადში მგზავრთა გადასაყვანად ავტონომიური მანქანებისთვის ახალი მარშრუტი აამოქმედა, რომელიც ერთმანეთთან სავაჭრო ცენტრებს, Hayat Mall-სა და Riyadh Gallery-ს აკავშირებს - ამის შესახებ საუდის არაბეთის პრესსააგენტო იუწყება.
ეს არის ქვეყნის იმ გეგმების ნაწილი, რომელიც სამეფოს სხვადასხვა ლოკაციაზე სერვისის გაფართოებასა და სატრანსპორტო სექტორში "ჭკვიანი" გადაწყვეტილებების დანერგვის ხელშეწყობას გულისხმობს.
სააგენტოს განცხადებით, მანქანები ყოველდღიურად პირდაპირი მარეგულირებელი და ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ იმუშავებენ და მომხმარებლებს უსაფრთხო და ინოვაციურ სატრანსპორტო გამოცდილებას შესთავაზებენ.
ახალი მარშრუტის ამოქმედება წინა ეტაპის განხორციელებას მოჰყვა, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მარშრუტი ამოქმედდა. ამ პერიოდში მანქანებმა 1 700-ზე მეტი რეისი შეასრულეს და 3 000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს.
მათ ჯამში 30 000 კილომეტრზე მეტი მანძილი დაფარეს, რაც ინიციატივის წარმატებასა და უახლოეს მომავალში სერვისის გაფართოებისა და დამატებითი მარშრუტების ამოქმედების მზადყოფნაზე მიუთითებს.
მანამდე, ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა ერ-რიადის მეტრო მსოფლიოში ყველაზე გრძელ უპილოტო მეტროს ქსელად (176 კმ) ოფიციალურად აღიარა.
ერ-რიადის მეტრო საუდის არაბეთის დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინიციატივის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ექვს ინტეგრირებულ ხაზს მოიცავს, 85 სადგურით, და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს.
სისტემა ავტომატიზებული უპილოტო მოდელით მუშაობს, რომელსაც მოწინავე საკონტროლო ოთახები მართავს. ეს უკანასკნელი მაღალი სიზუსტის, უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს.
ყოველწლიურ სარეკორდო ცნობარში აღნიშნულია, რომ ერ-რიადის მეტრო "შექმნილია ურბანული მობილობის გასაუმჯობესებლად, საცობების შესამცირებლად და ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო გადაწყვეტილებების მეშვეობით მდგრადობის ხელშესაწყობად".
ერ-რიადის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა, მეტროსა და ავტობუსების ჩათვლით, ხელს უწყობს ქალაქის მოძრაობის განტვირთვას, ეკონომიკას, ურბანულ განვითარებასა და სოციალურ ცხოვრებას.




























