მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერ ტე დე-ს კიდევ ერთი ჩავარდნილი ტენდერი - თურქეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციისთვის, ახალი ტენდერი გამოცხადდა

ერტედე

ორჯერ გახანგრძლივებული და ხუთჯერ გაგრძელებული ვადების შემდეგ, ერ-ტე-დესა და გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება შეწყდა.

ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის რეაბილიტაციისთვის ახალი, 2.9 მლნ ლარიანი ტენდერი გამოცხადდა.

გზების დეპარტამენტის მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილი დოკუმენტით ირკვევა, რომ გამარტივებული შესყიდვა აუცილებელია, რადგან საავტომობილო გზის კმ13-კმ17 და კმ24-კმ25 მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ლუხუმ ქართლოსიშვილის "ერ-ტე-დე" აწარმოებდა შეუსრულებელია.

საუბარია კომპანიაზე, რომელიც წერეთლის გამზირიდან შეუსრულებელი ტენდერის გამო გაუშვეს.

ახალი, გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, სამუშაოები 5 თვეში უნდა შესრულდეს, რათა ზამთარში, საერთაშორისო გზაზე გადაადგილების პრობლემა არ შეიქმნას.

სატენდერო დოკუმენტაციაში წერია ისიც, რომ ერ-ტე-დეს, რომელთანაც გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება 2022 წელს გააფორმა პროექტის სრულფასოვნად განხორციელების ინტერესიდან გამომდინარე, სამუშაოების დასრულების მიზნით, ორჯერ გაუხანგრძლივდა სამუშაოების დასრულების ვადა, ხოლო ხუთჯერ გაუგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, თუმცა მიუხედავად ამისა, მიმწოდებელმა სამუშაოების ჯეროვნად და დროულად შესრულება ვერ უზრუნველყო, 2024 წლის 15 ივნისს ხელშეკრულებას გაუვიდა მოქმედების ვადა და შეწყდა.

"სარეაბილიტაციო მონაკვეთები წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის გზის ნაწილს, რომელზეც შეწყვეტილი სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, არ არის უზრუნველყოფილი ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების პირობები.
ხელშეკრულების მოქმედების ბოლო პერიოდში, დეპარტამენტში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან და საზედამხედველო ორგანიზაციიდან შემოსული არაერთი წერილობითი შეტყობინებისა და ტელეფონოგრამის მიხედვით, შეწყვეტილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტზე საავტომობილო გზა, გვერდულები და კიუვეტები დაზიანებულია (არაჯეროვნად შესრულებული) და საფრთხეს უქმნის საავტომობილო გზაზე უსაფრთხოდ გადაადგილებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დარჩენილი სამუშაოების დასრულების გარეშე, არსებობს მაღალი რისკი, ზიანი მიადგეს უკვე შესრულებულ სამუშაოებს და ობიექტის დღევანდელი მდგომარეობა გაუარესდეს", - წერია გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ მიწერილ წერილში.

თავდაპირველი ტენდერის მიხედვით, ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ13-კმ17 და კმ24-კმ25 მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გზების დეპარტამენტმა 10.8 მლნ ლარის შესყიდვა 2022 წლის 21 აპრილს გამოაცხადა. მონაწილეობას 2 კომპანია "ერ-ტე-დე" და "არალი" იღებდნენ, თუმცა, ლუხუმ ქართლოსიშვილის კომპანიამ საუკეთესო ფასის 9.6 მლნ ლარის შეთავაზებით გაიმარჯვა.

დოკუმენტაციის მიხედვით, გადავადებების და ცვლილებების ფონზე, გზების დეპარტამენტიდან კომპანიას 4.5 მლნ აქვს მიღებული სხვადასხვა დროს. ბოლოს, ბიუჯეტის ფული აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის "ერ-ტე-დემ" 2024 წლის 31 მაისს მიიღო, 53 212 ლარი.

bm.ge კითხვებით გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ. შესაბამისად, კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დავის დეტალებზე, გადასახადის გადამხდელების მიერ გზის რეაბილიტაციისთვის უშედეგოდ დახარჯულ თანხაა და სხვა დეტალებზე ინფორმაციას 10 სამუშაო დღეში მივიღებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები