ერაყის ქურთისტანში მდებარე იტალიურ სამხედრო ბაზაზე ღამით სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება – განაცხადა იტალიის თავდაცვის სამინისტრომ.
მანამდე, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" სახელმწიფო მედიით განაცხადა, რომ ქურთების მიერ კონტროლირებად რეგიონზე იერიშს მიიტანდა.
"ერბილში მდებარე ჩვენს ბაზას რაკეტა დაეცა. იტალიელ პერსონალს შორის მსხვერპლი ან დაშავებულები არ არიან. ყველა მათგანი კარგად არის", - წერს სამინისტრო პლატფორმა X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე თქმით, თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უმაღლესი რანგის სამხედრო მეთაურებთან მუდმივ კონტაქტზეა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ X-ზე ცალკე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში აღნიშნა, რომ იტალიელმა სამხედრო მოსამსახურეებმა თავი ბუნკერს შეაფარეს და ყველა მათგანი უსაფრთხოდაა.
"მკაცრად ვგმობ ერბილში იტალიურ ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმას. ახლახან ვესაუბრე ერაყში იტალიის ელჩს. საბედნიეროდ, ჩვენი ყველა სამხედრო მოსამსახურე კარგადაა და ბუნკერში უსაფრთხოდ იმყოფება. ვუცხადებ მათ სოლიდარობას და მადლობას ვუხდი სამშობლოსადმი ყოველდღიური სამსახურისთვის", - წერს ტაიანი.
იტალიას ერბილში დაახლოებით 300 სამხედრო ჰყავს განლაგებული, რომლებიც ქურთული უსაფრთხოების ძალების გაწვრთნაზე მუშაობენ.
თავდასხმა ირანზე აშშ-ისა და ისრაელის მიერ 28 თებერვალს დაწყებული თავდასხმების ფონზე განხორციელდა, რასაც დაახლოებით 1 300 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე მაღალჩინოსანი ემსხვერპლა.
ირანმა საპასუხოდ დრონებითა და რაკეტებით მიიტანა იერიში ისრაელზე, იორდანიაზე, ერაყსა და სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებზე, სადაც აშშ-ის სამხედრო ობიექტებია განლაგებული.




























