აშშ-ის სამხედრო უწყების განცხადებით, დღეიდან აშშ ირანის ყველა პორტისა და სანაპირო ტერიტორიის ბლოკირებას მოახდენს, რითაც შეარბილა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თავდაპირველი პოზიცია ჰორმუზის სრუტის სრულად გადაკეტვის შესახებ.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ცნობით, ბლოკადა ირანის დროით 17:30 საათზე ამოქმედდება და "მიუკერძოებლად გავრცელდება ნებისმიერი ქვეყნის ხომალდზე, რომელიც ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში, მათ შორის არაბეთისა და ომანის ყურეებში მდებარე ყველა ირანულ პორტში შევა ან დატოვებს მათ".
თუმცა, იმ გემებს, რომლებიც არაირანულ პორტებს შორის მოძრაობენ, სრუტეში გავლის უფლება მიეცემათ. ეს ნაბიჯი პრეზიდენტის ადრინდელ მუქარას, რომელიც მთლიანი საწყლოსნო გზის ბლოკირებას გულისხმობდა, საგრძნობლად არბილებს.
ტრამპმა აშშ-ის არმიის განცხადება სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე დაადასტურა.
კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ მისი მიზანი სრუტის ნაღმებისგან გაწმენდა და ყველა ხომალდისთვის მისი ხელახლა გახსნა იყო, თუმცა ირანს არ უნდა მიეცეს საწყლოსნო გზის კონტროლით სარგებლის მიღების უფლება.
თავის მხრივ, ირანის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ბლოკადას წინ აღუდგებიან.
აშშ-ის სამხედრო უწყების განცხადებამდე, ირანის "რევოლუციურმა გვარდიამ" გაფრთხილება გაავრცელა, რომ ჰორმუზის გავლით საზღვაო მიმოსვლას სრულად აკონტროლებს და ნებისმიერ მოწინააღმდეგეს "სასიკვდილო მორევში" მოაქცევს.




























