პრეზიდენტმა ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანს ძალიან მალე, ორ-სამ კვირაში დატოვებს.
ტრამპის განცხადება საწვავის ფასების შესახებ დასმულ კითხვას მოჰყვა - აშშ-ში ბენზინის საშუალო ეროვნულმა ფასმა გალონზე 4 დოლარს მიაღწია. კითხვაზე, რას მოიმოქმედებს ის ამასთან დაკავშირებით, ტრამპმა უპასუხა: "ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთო, ირანის დატოვებაა, და ჩვენ ამას ძალიან მალე ვიზამთ, ფასები კი მაშინვე დაეცემა".
"ვიტყოდი, რომ ორ კვირაში, შესაძლოა ორში, შესაძლოა სამში", - დასძინა მან.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით თავისი წინა მიდგომაც შეცვალა.
"ჩვენ ძალიან მალე წამოვალთ [ირანიდან]. და თუ საფრანგეთს ან სხვა ქვეყანას სურს ნავთობის ან გაზის მიღება, ისინი გაივლიან სრუტეს, ჰორმუზის სრუტეს, გაივლიან პირდაპირ იქ და შეძლებენ საკუთარი თავის დაცვას. ვფიქრობ, ეს რეალურად ძალიან უსაფრთხო იქნება, მაგრამ ჩვენ ამასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. რა მოხდება სრუტეში? ჩვენ ამასთან საერთო არაფერი გვექნება", - თქვა მან.
არადა, ჯერ კიდევ ორშაბათს, სრუტის გახსნასთან დაკავშირებით ტრამპმა სოციალურ ქსელში შემდეგი მუქარა გააჟღერა: "თუ რაიმე მიზეზით შეთანხმება მალე არ შედგება , და თუ ჰორმუზის სრუტე მყისიერად არ იქნება ღია ბიზნესისთვის, ჩვენ დავასრულებთ ჩვენს მშვენიერ "ვიზიტს" ირანში მათი ელექტროსადგურების, ნავთობის ჭაბურღილების და კუნძულ ჰარკის აფეთქებითა და სრული განადგურებით."




























