მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერაყის შემდეგ, საქართველო რუსული ფქვილის მთავარი ექსპორტიორია - რუსული მედია

იმპორტი

2023 წლის 10 თვეში რუსული ფქვილის უმსხვილესი შემსყიდველი ერაყის შემდეგ საქართველოა. ინფორმაციას რუსული „ინტერფაქსი“ ადგილობრივ ცენტზე „აგროექსპორტზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, 10 თვის განმავლობაში რუსეთმა ექსპორტზე 990 ათასი ტონა ფქვილი გაიტანა, რაც თითქმის მესამედით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე და 2022 წლის ჯამურ ექსპორტს აჭარბებს.

რუსული ფქვილის ყველაზე დიდი შემსყიდველი ერაყია, რომელიც გასულ წელს მეორე პოზიციას იკავებდა. იანვარ-ოქტომბერში ამ ქვეყანაში 150 ათასი ტონა რუსული ფქვილი გავიდა, რაც წლიურად 17%-ით მეტი მაჩვენებელია. მეორე ადგილი საქართველომ დაიკავა, სადაც 126 ათასი ტონა ფქვილის ექსპორტი მოხდა. რუსული ფქვილის top-3 ექსპორტიორ ქვეყანაში შედის ჩინეთი, რომელმაც შესყიდვები 3.7-ჯერ, 100 ათას ტონამდე გაზარდა.

აღსანიშნია, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლიდან ხორბლის საექსპორტო ბაჟი დააწესა, საქართველოში ხორბლის იმპორტი შემცირდა, ფქვილის კი რეკორდულად გაიზარდა, რადგან რუსული ფქვილის იმპორტზე ნულოვანი გადასახადი იყო. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველომ ჯამში 33 მილიონ 848 ათასი დოლარის ღირებულების 123 700 ტონა ფქვილი შეიძინა. ამ პერიოდში საქონლის იმპორტი ღირებულებაში 39.1%-ით, ხოლო მოცულობაში 15.9%-ით შემცირდა.

მთლიან იმპორტში რუსულ ფქვილზე 98.3% მოდის. წელს საქართველომ რუსეთიდან 32 მილიონ 554 ათასი დოლარის ღირებულების 121 643 ტონა ფქვილი შეიძინა. ფქვილის იმპორტი 40%-ით შემცირდა, თუმცა გასულ წლებთან შედარებით იმპორტის მაჩვენებელი მაინც მაღალია.

აქვე უნდა განვმარტოთ, რომ რუსეთიდან ფქვილი იმპორტის შემცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს მთავრობამ მეხორბლე ფერმერებისა და გადამმუშავებლების მოთხოვნით, რუსული ხორბლის ექსპორტის გადასახადის საპასუხოდ ფქვილის იმპორტზე გადასახადი აამოქმედა. ამ გადაწყვეტილებამ ფქვილის და ხორბლის იმპორტი შედარებით თანაბარ პირობებში ჩააყენა და იმპორტიორებს ხორბლის შემოტანისკენ უბიძგა. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ გასულ წელს ხორბლის იმპორტი თითქმის განახევრებული იყო. იმპორტიორებისთვის ხორბლის შესყიდვის გაზრდილი ღირებულება, ფქვილთან შედარებით საქონლის შეძენას არარენტაბელურს ხდიდა. ხორბლის იმპორტის კლებისა და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში ქვეყანაში წისქვილების დიდი ნაწილი დაიხურა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ადგილობრივი წარმოება თითქმის შეჩერებული იყო.

მიმდინარე წლის პირველი ათი თვის განმავლობაში საქართველომ 45 მილიონ 439 ათასი დოლარის ღირებულების 172 815 ტონა ხორბალი შეიძინა. იმპორტის მოცულობა გასულ წელთან შედარებით 28.6%-ით გაიზარდა, ღირებულება 6.1%-ით შემცირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საერთაშორისო ბაზარზე წელს ხორბლის ფასი შემცირდა. ხორბლის შემთხვევაშიც მთავარი საიმპორტო ბაზარი საქართველოსთვის რუსეთია. წელს იანვარ-ოქტომბერში 44 მილიონ 701 ათასი დოლარის ღირებულების 171 138 ტონა რუსული ხორბალი შევიძინეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები