14 მაისს თურქეთისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა ამ დღეს მმართველ პარტიასა და ახალ პრეზიდენტს აირჩევს.
არჩევნებზე მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის, რომელიც პოსტს 2014 წლიდან იკავებს, მთავარი მოწინააღმდეგე ექვსი პარტიისაგან შემდგარი ოპოზიციური ალიანსის კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუა, რომელიც თურქეთში თავისუფლებისა და დემოკრატიის დამკვიდრებას პირობას დებს - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ახალგაზრდობას დემოკრატია სურს. მათ არ უნდათ, გამთენიისას მათ სახლში პოლიცია მივიდეს, მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაც „დატვიტეს“, - უთხრა კილიჩდაროღლუმ ბრიტანულ მედიას.
თურქეთის დღევანდელი კანონმდებლობით, „პრეზიდენტის შეურაცხყოფისათვის“ შესაძლოა, მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდოს.
„მე ვეუბნები ახალგაზრდობას, რომ მათ შეუძლიათ თავისუფლად მაკრიტიკონ. პირადად დავრწმუნდები, რომ მათ ამის უფლება ექნებათ“, - განაცხადა „რესპუბლიკელ ხალხთა პარტიის“ ლიდერმა.
კილიჩდაროღლუს მომხრეებს სჯერათ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის უსაფრთხოება დაცული არ არის, თუმცა როგორც თავად BBC-სთან ინტერვიუში აცხადებს, რისკის მიუხედავად, შეჩერებას არ აპირებს.
„თურქეთში პოლიტიკაში მოსვლა რისკიანი ცხოვრების არჩევას ნიშნავს. მე გავივლი ჩემს გზას, მიუხედავად იმისა, თუ რას იზამენ ერდოღანი და მისი მოკავშირეები. ისინი ვერ შემაშინებენ, ჩემს ერს პირობა მივეცი“, - ამბობს კილიჩდაროღლუ.
წინასწარ გამოკითხვებში ოპოზიციის კანდიდატი მცირე უპირატესობით სარგებლობს. ნავარაუდებია, რომ არჩევნების მეორე ტურიც ჩატარდება. კილიჩაროღლუს მომხრეთა დიდი ნაწილი ახალგაზრდაა, 5 მილიონი თურქი მიმდინარე არჩევნებში მონაწილეობას პირველად მიიღებს.